"მემორანდუმებს რეალურ ინვესტიციებთან საერთო არაფერი აქვთ", - ასე აფასებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი "ქართული ოცნების" მთავრობასა და Emaar-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს. გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, მსხვილი საინვესტიციო პროექტების საკითხები მემორანდუმებით არ წყდება.
საქმე ის არის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რის შედეგად მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში განვითარდება.
"ვერ ვიტყოდი, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციების საკითხი მემორანდუმებით წყდებოდეს. როგორც წესი, ეს ურთიერთგაგების მემორანდუმებია, სადაც არცერთი მხარე კონკრეტულ ვალდებულებას არ იღებს. შესაბამისად, დეკლარირება, რადგან ასეთი მემორანდუმი გაფორმდა, ჩვენ მივიღებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას, არასწორია", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა BMG-სთან.
ამასთან, მისი თქმით, საამიროელი ინვესტორებს ინვესტიციების ჩადება აქამდეც შეეძლოთ.
"გამახსენდა 10 წლის წინანდელი ისტორია, როდესაც საუბარი იყო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებაზე . იქ დაპირება იყო 600 მილიონის ინვესტიციაზე, რათა თბილისში აშენებულიყო 15-სართულიანი კომპლექსები და ე.წ. ხრუშჩოვკები ჩანაცვლებულიყო. რა მივიღეთ? არაფერი. ერთია, რას გვეუბნებიან პოტენციური ინვესტორები და მეორეა, რას ვიღებთ/ არაბების ინვესტიციების ისტორია გვეუბნება, რომ განცხადებასა და რეალობას შორის ხშირად არის განსხვავებები. არ ვფიქრობ, რომ ამ მემორანდუმის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. არა, ის შედგებოდა, უბრალოდ არანაირ ვალდებულებებზე არ არის საუბარი და დარწმუნებული ვარ, მრავალ ქვეყანასთან ასეთი ტიპის მემორანდუმები ფორმდება. ზოგი რეალიზდება, ზოგი არ რეალიზდება. საქართველოში ამ მსხვილი მასშტაბის რეალიზების შანსი დაბალი მგონია", - აღნიშნა ხიშტოვანმა.