დღეს გამოქვეყნდა აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. შედარებისთვის ეს მარტში არსებულ 10.6%-იან და თებერვალში არსებულ 14.6%-იან ზრდაზე რამდენჯერმე ნაკლებია.
პარლამენტში კულტურისა და სპორტის კომიტეტზე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ზრდის შენელება "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული. ამის მიზეზია ის, რომ 2021 წლის აპრილში საქართველოში 44%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ხოლო წელს არსებული მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს დარდება.
"ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით დაბალია, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის საბაზისო ფაქტორი. 2021 წელს აპრილში იყო ყველაზე მაღალი 44%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ეკონომიკის გახსნით იყო განპირობებული. შესაბამისად, საბაზო ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე კვარტალში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა ჩვენ პროგნოზებში გვაქვს გათვლილი. როდესაც ვგეგმავთ ბიუჯეტს ვითვალისწინებთ ერთჯერად და მუდმივ ფაქტორებს,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა.
ამ შენელების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ოპტიმიზმით უყურებს. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაიზარდა.
“მსოფლიო ბანკმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინის ომის გათვალისწინებით. ასევე სანქციების ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვების წყაროდან, ასევე მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან, თუმცა რაც ვიხილეთ, საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა. ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5.5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.