თბილისის მერი კახა კალაძეს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესთან მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია, რადგან შენობა კერძო საკუთრებაა და ამასთან, ავარიულია.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე მისვლას არ აპირებს, თუმცა შენობაში მცხოვრებთაგან თბილისში რეგისტრირებულ ცხრა ოჯახს მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა უკვე შესთავაზა.
"მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული
რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.
არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება", - განაცხადა კახა კალაძემ.
თვალჭრელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამორტიზებული შენობა-ნაგებობიდან 150-მდე ოჯახის, მათ შორის დევნილების, გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. მათი ინფორმაციით, ბიურო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებს.
მისამართზე მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ოთხი პირი დააკავეს
ფოტო: პუბლიკა




























