ცოტა ხნის წინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში დეკემბრიდან შემოვა და იანვრიდან 50 ერთეული ეტაპობრივად მოემსახურება მგზავრებს.
მანამდე, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებდა. მისი თქმით, კომპანიამ 18-მეტრიანი ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად უკვე არსებული მძღოლების გადამზადება დაიწყო, მათ ჩასანაცვლებლად კი 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლობისთვის ვაკანტური ადგილები გაჩნდა.
BMG დაინტერესდა, როგორ მიდის 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის მძღოლების გადამზადებისა და მათი ჩანაცვლების პროცესი და ამ კითხვებით თბილისის მერიას მიმართა.
ოფიციალური პასუხის თანახმად, 2023 წლის 27 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” ავტობუსის მძღოლის ვაკანსიაზე 537 კანდიდატის განცხადებაა შესული.
რაც შეეხება 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის მძღოლების გადამზადების საკითხის, უწყების ცნობით, სატრანსპორტო კომპანიასა და შპს “არტ დრაივს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 17 ნოემბრის მდგომარეობით, გადამზადება დაასრულა კომპანიის 124 მძღოლმა, 38 მძღოლი კი სასწავლო პროცესს განაგრძობს.
ცნობისთვის, გამოცხადებულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 2 500- 3 000 ლარს შეადგენს.