მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია “დაჩაგრულ ინვესტორს” ხვალ შეხვდება - "აიკონია კაპიტალის" საქმე

602d25af718ad
ანუკა ჯოხაძე
17.02.21 22:45
742
იპოდრომთან სადავო ნაკვეთზე შეხვედრა ინვესტორსა და თბილისის მერიას შორის მიმდინარე კვირას ჩაინიშნა. საქმე ეხება თბილისში, ცინცაცის ქუჩაზე 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები აპროტესტებენ.

2003 წელს იპოდრომის მახლობლად კომპანია “ჟოკეი კლუბის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები შეიძინა. სამშენებლო კომპანიისგან თავის დროზე დაპირება ამბიციური იყო და ადგილზე პროექტით საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად გამწვანებული ეზო, საცურაო აუზი და სპორტ-დარბაზი მოიაზრებოდა.

დღეს ეზო არც გამწვანებულია და ტერიტორიაც გასხვისებულია. გარიგება ერთი მხრივ მიწის მესაკუთრე “ჟოკეი კლუბსა” და მეორე მხრივ “აიკონია კაპიტალს” შორის წინა ხელისუფლების პერიოდში შედგა, “ჟოკეი კლუბის” ერთ-ერთი მეწილე მერაბ ტყეშელაშვილი სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ სამშენებლო კომპანიისთვის, რომელმაც ადგილზე კორპუსები ააშენა, ეზოს ფართი არ მიუყიდია. შესაბამისად, ეზოს ტერიტორია 7-მა პირმა ამერიკელ მესაკუთრეს კონკრეტული დათქმებით მიჰყიდა.

“სამშენებლო კომპანიას მივყიდეთ ზუსტად ის ნაწილი, სადაც დღეს კორპუსებია აშენებული. ეზოს ტერიტორია კი ამერიკელ ინვესტორს გადავეცით. გარიგება წლების წინ შედგა, მიწაც იმ პირობით გვაქვს გადაცემული, რომ ის კორპუსის აშენების შემდეგ გარკვეულ ფართებს მოგცემს", - ამბობს "ჟოკეი კლუბის" მეწილე მერაბ ტყეშელაშვილი.

წინა ხელისუფლების დროს შესყიდულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში გაიცა. თუმცა შესყიდვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. საქმე სასამართლომდეც მივიდა და ყველა ინსტანციაც გამოიარა. როგორც დღეს ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, შესყიდვა ფიქტიური იყო და ამ გარიგების შესახებ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ.

“ჩვენთვის აქ მშენებლობა არის მიუღებელი, აქ ძალიან ბევრი პრობლემა იქმნება, ავტოფარეხში ჩასასვლელი იკეტება, არ არსებობს ეზოში შემოსასვლელი გზა. ამ ნაკვეთს კუთვნილი გზა არ აქვს, არსებობს მხოლოდ ჩვენს ეზოში შემოსასვლელი გზა, რომლის გამოყენების უფლებასაც არ მივცემთ”, - ამბობს ადგილობრივი მერაბ კახიანი.

ამჟამად "აიკონია კაპიტალის" ანგარიშზე სხვა მიმდინარე პროექტები არ არიცხება. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გერდზე ვკითხულობთ, ძირითადი მათი პროექტი 7 წლის წინ დაპაუზებული 25-სართულიანი კორპუსია, რომელსაც იპოდრომის მიმდებარედ აშენებს.

კომპანიის ერთადერთ მეწილედ სეტ ედვარ ჩარი გვევლინება. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, მან როგორც ინვესტორმა შვიდი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი ნახა. სეტ ჩარი გვიყვება, რომ თავდაპირველად მიწის ნაკვეთი შვიდი პირისგან შეიძინა, რაშიც ჯამში მილიონი დოლარი გადაიხადა.

უცხოელი ინვესტორი ამბობს, რომ მან ეს მიწის ნაკვეთი სამართლებრივად შეისყიდა და ეს ყველაფერი დოკუმენტაციით დასტურდება. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ყველანაირი უფლება აქვს ადგილზე მშენებლობა დღესვე დაიწყოს, თუმცა თბილისის მერიაში ჩანიშნულ მორიგ შეხვედრას მაინც ელოდება.

როგორც ჩანს ინვესტორს არც ადგილმონაცვლეობის საკითხი ხიბლავს, თუმცა თუ თბილისის მერია ადგილმონაცვლეობასთან ერთად საკონპენსაციო პაკეტს შესთავაზებს, ამაზე იფიქრებს.

“ადგილმონაცვლეობა თბილისის მერიამ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ინტერესების გამო არაერთხელ შემოგვთავაზა, თუმცა 5 წლის განმავლობასი ჩვენმა კომპანიამ არაერთი ხარჯი გასწია. უბრალოდ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება და მიწა გადავცვალოთ მარტივად, ეს არასდროს მოხდება. თუმცა თუ თბილისის მერია ადგილმონაცვლეობასთან ერთად საკონპენსაციო პაკეტს შემოგვთავაზებს, რომელიც სრულად გააერთიანებს იმ ხარჯებს, რაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში გავიღეთ და ასევე პროექტის სრულ ღირებულებასაც მოიცავს, ამ წინადადებაზე გპირდებით რომ დავფიქრდები", - ამბობს "აიკონია კაპიტალის", დამფუძნებელი სეტ ედვარდ ჩარი.

გახმაურებულ საქმეს გასულ კვირას თბილისის ვიცემერიც გამოეხმაურა. ირაკლი ხმალაძე ტერიტორიის გამოსყიდვას არ გეგმავს, თუმცა გაკეთდება ადგილმონაცვლების შეთავაზება, რომელზეც ინვესტორი წლების განმავლობაში უარს აცხადებდა.

"აიკონია კაპიტალის" დამფუძნებელმა უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილებამდე არბიტრაჟის დავაც დაიწყო. ჩარი საქართველოს მთავრობას ედავობოდა და კომპენსაციის სახით 10 მილიონ ლარს სთხოვდა, თუმცა როგორც ინვესტორი დღეს ამბობს, დავა სახელმწიფოსგან მიღებული პირობითაა შეწყვეტილი, რომ მას ადგილზე პროექტის განხორციელებაში დაბრკოლებები აღარ შეხვდება. როგორც მოსახლეობა, ისე საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ინვესტორის რეპუტაციას და სტატუსს ეჭვ ქვეშ აყენებენ. შაქარაშვილის განმარტებით, ამერიკელი ინვესტორის სახელს ამოფარებული ბიზნესმენი კინომსახიობია, რომელმაც ეს როლი წლების წინ წარმატებით მოირგო.

“სეტ ედვარდ ჩარი, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, მას არცერთ ქვეყანაში ინვესტიცია არ აქვს განხორციელებული. რეალურად ამ საქმის უკან დგას ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ხელძღვანელობს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა, ასევე ფიგურირებენ კოდუები. თავდაპირველადაც აღნიშნული სამშენებლო ნებართვა იყო უკანონოდ გაცემული. შესაბამისად სასამართლო თუ იქნებოდა სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი აღნიშნულ ნებართვას აუცილებლად გააუქმებდა", - ამბობს საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ "აიკონია კაპიტალის" დამფუძნებელი ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ მისი გაყიდვითაა დაინტერესებული. ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დეველოპერული კომპანია, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიით დაინტერესდა შპს "დომუსია". "დომუსის" დირექტორი ალექსანდრე კორძახიაც ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ "აიკონია კაპიტალზე" უკეთესი პროექტიც აქვთ. თუმცა ალექსანდრე კორძახია ამბობს, რომ ისინი ინვესტორისა და მერიის შეხვედრის პასუხზე არიან დამოკიდებული.

მოკლედ ფაქტია, "აიკონია კაპიტალს" უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უჭირავს და მშენებლობის დაწყებას გეგმავს, ამის პარალელურად თბილისის მერია ამბობს, რომ მას გარდა ადგილმონაცვლეობისა სხვა ბერკეტი არ დარჩენია.

მეორე მხარეს კი რჩებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც კუთვნილი მიწის ნაკვეთს ითხოვენ, იმ მიწას, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ერთად ერგოთ.

მივლენ თუ არა შეთანხმებამდე თბილისის მერია და "აიკონია კაპიტალი" და იქნება თუ არა ეს მრავალწლიანი დავის დასასრული, ჯერ უცნობია, დეტალები ნათელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - შეხვედრა მხარეებს უკვე ჩანიშნული აქვთ.