საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება - ინფორმაციას მერია ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ დღეს 31 დეკემბერს, bm.ge უწყებას დაუკავშირდა კითხვით, როგორი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო რეჟიმი.
მერიაში გვითხრეს, რომ დედაქალაქში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი.
რამდენიმე საათში, მერიამ ინფორმაცია დააზუსტა და თქვა, რომ მხოლოდ მეტრო იმუშავებს 02:00 საათამდე. უწყების ბოლო ვერსიით კი, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება.
"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.
გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება. როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.
გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული განცხადების შემდეგ, bm.ge კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მერიას, სადაც დაადასტურეს, რომ ცრუ ინფორმაცია არა მედიის, არამედ თავად უწყების მიერ გავრცელდა.




























