გერმანიის კანცლერი გამოდის ინიციატივით, უკრაინას $164 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები უპროცენტო სესხის სახით გადაეცეს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა Financial Times-ში გამოქვეყნებულ ედიტორიალში დაწერა.
როგორც კანცლერი ამბობს, ევროკავშირის მიერ გაცემული სესხს თავდებში, საწყის ეტაპზე, თავად წევრი ქვეყნები უნდა ჩაუდგნენ, 2028 წლიდან კი შესაძლო რისკები ევროკავშირის ბიუჯეტმა უნდა დააზღვიოს. როგორც კანცლერი ამბობს, ამ ნაბიჯით ევროპა აქტივების პირდაპირ კონფისკაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს აირიდებს თავიდან. ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება კი მარტივად გადაიჭრება.
“პუტინმა იცის, რომ ევროპა ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების პირდაპირ კონფისკაციას არ მოახდენს, ამიტომ ჩვენს სიფრთხილეს ბოროტად იყენებს და მოლაპარაკების მაგიდასთან არ ჯდება. გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის უპროცენტო სესხის მიცემით ჩვენ სამართლებრივ რისკებსაც ავირიდებთ თავიდან და ოფიციალურ კიევსაც რეალურ დახმარებასაც გავუწევთ.”. - წერს მერცი.
გერმანიის კანცლერის განცხადებას ფინანსთა მინისტრი, ლარს კლინგბაილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვზე ზეწოლის გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება. აღსანიშნავია, რომ გერმანია გაყინული აქტივების უკრაინისთვის ნებისმიერი ფორმით გადაცემას აქამდე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. დიდი ალბათობით, მომავალ კვირას, კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე განხილვის მთავარი თემა სწორედ მერცის ეს ინიციატივა იქნება. საკითხზე ისაუბრებენ ევროპის საბჭოს ოქტომბრის სამიტზეც.




























