„ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა საბანკო სექტორში კონკურენციის ახალ ტალღას წარმოშობს. საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, დავით კიკვიძე, აღნიშნულ გარიგებას პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბაზარზე მესამე მსხვილი მოთამაშის გამოჩენა არსებულ დუოპოლიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეარყევს. მისი თქმით, თუ აქამდე ბაზარზე „ამინდს“ მხოლოდ ორი ბანკი (თიბისი, საქართველოს ბანკი) ქმნიდა, ახალი გაერთიანება მათ რეალურ კონკურენციას გაუწევს.
კიკვიძის განმარტებით, გაერთიანება სტრატეგიულად გამართლებულია, რადგან ის ორ განსხვავებულ გამოცდილებას აერთიანებს: „ლიბერთი“ ტრადიციულად საცალო მიმართულებაზე იყო ორიენტირებული, „ბაზისბანკი“ კი - კორპორაციულ სექტორზე.
„ამ გაერთიანებამ ფაქტობრივად, უნივერსალური ისეთი მსხვილი ინსტიტუტი უნდა ჩამოაყალიბოს, რომელმაც რეალურად მნიშვნელოვანი კონკურენცია უნდა გაუწიოს ორ მსხვილ მოთამაშეს,“ - აცხადებს ექსპერტი. მისივე პროგნოზით, ეს ცვლილება პირდაპირ აისახება მომხმარებელზე, რადგან მოსალოდნელია როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ისე ფასების გადახედვა: „ზუსტად ამ ნაწილებში შესაძლოა, ვიხილოთ ფასებით მძაფრი კონკურენცია".
დავით კიკვიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ფულად რესურსზე მოთხოვნა მაღალია და საკრედიტო პორტფელი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული საცალო და ბიზნეს სესხებს შორის. მისი ხედვით, ახალ გამსხვილებულ ბანკს აქვს პოტენციალი, ორივე მიმართულებით გაიუმჯობესოს პოზიციები.
„ეს უნივერსალური ბანკი განახლებული ენერგიით, შესაძლოა, კორპორაციულ ბიზნესშიც შევიდეს და საკრედიტო პორტფელის ნაწილი წამოიღოს. უახლოეს მომავალში ბაზრის დივერსიფიცირებას და ცვლილებას ველოდები,“ - დასძენს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ რეალობაში სამი მსხვილი ბანკი ბაზრის დაახლოებით 86%-ს დაიკავებს და მცირე ბანკებისთვის „სათამაშო მოედანი“ შემცირდება, კიკვიძე მიიჩნევს, რომ პატარა მოთამაშეები საკუთარი ნიშების შენარჩუნებას მაინც შეძლებენ. ამასთან, პროცესი დამატებითი სტიმული იქნება ციფრული ბანკებისთვის, რათა უფრო მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტები შესთავაზონ ბაზარს.




























