ტყიბულის შახტებში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. 40-მდე დასაქმებული ორივე შახტშია გადანაწილებული და შიმშილობენ.
ისინი ადგილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩასვლას ითხოვენ. ასევე, შახტებში დასაქმებულები ითხოვენ ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს, როგორ შეიძლება გადაწყდეს მათი პრობლემა.
„წელიწადზე მეტია, რაც შახტებში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. გაგვცეს ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი, საერთოდ აღდგება თუ არა შახტებში სამუშაო პროცესი და რას გვიპირებენ. გვითხრან, რა ბედი გველის.
ასევე, ვითხოვთ, არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
თავის მხრივ, „საქნახშირში“ ირწმუნებიან, რომ კომპანია რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო.
„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარებოს აქტიური მოლაპარაკებები და შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთანხმება იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „საქნახშირში“მეშახტეების მიერ დაწყებული პროტესტის კომენტირებისას განუცხადეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში პერსონალისთვის ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდებოდა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და მთლიანობაში თითქმის 20 მილიონ ლარამდეა. ამ დროისთვის, კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. ამ დროისათვის კომპანია სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ერთობლივად გამოინახოს", - აღნიშნულია „საქნახშირის“ განცხადებაში.
თავის მხრივ, გუშინ ნათია თურნავას უწყებამ „საქნახშირს“ მეშახტეებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება“, - ეს არის ამონარიდი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.