მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მერი უარყოფს ინფორმაციას, სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადის შესაძლო დაწესებაზე

5e426b3a2f3bf
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.20 14:10
1555
"სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება", - ამის შესახებ BM.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადზე საუბრისას განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს". "ამ ეტაპზე ამ ნაბიჯებზე ვმუშაობთ. მიმდინარე წელსაც გარკვეული ცვლილებები იქნება. პირველ რიგში, შეიძლება გაფართოვდეს კომერციული ობიექტები, რომლებსაც უწევთ გადახდა. ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნულ საკითხზე, BM.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა და ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა სვანეთის მოსახლეობისთვის გადასახადის დაწესების საკითხი. კახა ჟორჟოლიანმა უარყო მოსახლეობისთვის გადასახადის შესაძლო დაწესების შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ "მოსახლეობაზე არ არის საუბარი, საუბარია მეწარმეებზე, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი. მაგაზე იყო საუბარი, რომ დარეგისტრირდნენ და გადაიხადონ გადასახადი".

მესტიის მერმა სვანეთში კრიპტოვალუტების – ბიტკოინის წარმოების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლების 80% მოაგვარებულია.

"ბიტკოინ მაინერების საკითხის 80% მოგვარებულია, თუმცა როგორც ვიცი, დარჩა კიდევ მოსაგვარებელი თემები. "ენერგო პრო-ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 6 000-მდე მაინერი ჩაიხსნა, ზუსტად დარჩენილი რამდენია, ვერ გეტყვით. შესაბამისად, საგრძნობლად გაუმჯობესდა ელექტროენერგიის ხარისხი", - ამბობს კახა ჟორჟოლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები