მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta Connect: რა სიახლეები წარმოადგინა ტექნოლოგიურმა გიგანტმა?

6346795c01938
გიორგი არონია
12.10.22 12:28
1096

გასული წლის შემდეგ, როცა Facebook-მა რებრენდინგი განიცადა და მეტავერსზე დაფუძნებულ კომპანიად, ანუ Meta-დ გადაკეთდა, ტექნოლოგიურ სამყაროში დიდი ძვრები დაიწყო. ეს სწორედ ის დროა, როცა ადამიანების უმეტესობამ სიტყვა „მეტავერსი“ პირველად გაიგო. ამის შემდეგ, Meta-ს, მის განახლებულ კონცეფციას და თავად მარკ ცუკერბერგს დიდი აჟიოტაჟი, აღფრთოვანება, ოპტიმიზმი, პესიმიზმი, კრიტიკა და სკეპტიციზმი ხვდა წილად.

თუმცა, აქედან უკვე ერთი წელი გავიდა და Meta-მ მისი ყოველწლიური ღონისძიება, Meta Connect-ი კიდევ ერთხელ ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, Meta-ს მესვეურებმა მეტავერსის განვითარებაზე ისაუბრეს და ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები წარმოადგინეს. განსაკუთრებულ მიმართულებებს შორის, Meta-მ ვიდეოთამაშები, ფიტნესი და ჯანმრთელობა, სამუშაო გარემო და მეტავერსის სოციალური ასპექტები დაასახელა.

როგორც პრეზენტაციიდან შევიტყვეთ, მეტავერსის სოციალური მხარე არის ის, რაზეც მარკ ცუკერბერგის კომპანია დიდ ფსონს ჩამოდის. როგორც Meta-ს დამფუძნებელი ამბობს, თავდაპირველად, მეტავერსი ერთი ადამიანის მარტოსული გასართობი იყო, რომელსაც ის ფიზიკური სამყაროსგან დროებით თავშესაფრად იყენებდა, მაგრამ დღეს, ის მონოლითურ სოციალურ პლატფორმად გადაიქცა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს სოციალურობა არის მიზეზი იმისა, რომ სულ მალე, როგორც Meta-ს აღმასრულებლები ამბობენ, მეტავერსი ვირტუალურ რეალობას გაცდება და მისი შეცნობა და გამოყენება ყველა მოწყობილობიდან, მათ შორის ლეპტოპებიდან და სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, Meta-ს წარმომადგენლებმა მეტავერსის ელემენტების სხვადასხვა პლატფორმებთან ინტეგრაციაზე ისაუბრეს – 'უკეთ რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ Meta-ს ავატარების გამოყენებას ვიდეოზარებში და Instagram-ის Reels-ებში შეძლებთ" - ამბობენ ისინი.

ცხადია, რომ Meta-ს ეს გადაწყვეტილება მოგებიანია როგორც ფინანსურად, ასევე პლატფორმაზე ახალი ადამიანების დამატების კუთხით, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ VR-სათვალე, ჯერჯერობით, საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია. თუმცა ამ მიდგომას კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაც აქვს – ყველა ასეთი აქტივობა საზოგადოებაში მეტავერსის პოპულარობას და მის მიმართ მიმღებლობას ზრდის.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ დაანონსებულ სხვა სოციალურ პროექტებს შორისაა ფილმებისა და სერიალების სხვადასხვა მწარმოებლებთან კოლაბორაციით შექმნილი ვირტუალური გამოცდილებები. ამ მიმართულებით, Meta ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ სტუდიასთან, NBCUniversal-თან თანამშრომლობს. ამგვარად, სულ მალე, მომხმარებლები The Office-ის, Universal Monsters-ის, Dreamworks-ის, BlumHouse-ისა და Halloween Horror Nights-ის სხვადასხვა ფრენჩაიზების სამყაროში შესვლას ვირტუალურ რეალობაში იქნება შესაძლებელი.

თუმცა ეს ყველაფერი როდია, რადგან გუშინდელ ღონისძიებაზე Meta-მ არაერთი სიახლე წარმოადგინა, როგორც ვიდეოთამაშების, ასევე ფიტნესისა და ჯანმრთელობის მიმართულებით – ამ მხრივ, უახლოეს მომავალში ახალ ფრენჩაიზებს და განახლებულ მოწყობილობებს უნდა ველოდოთ.

ისე კი, Meta Connect-ის ფარგლებში გაჟღერებულ მესიჯებს შორის მთავარი, მაინც მეტავერსში მუშაობას შეეხებოდა. როგორც Meta-ში ამბობენ, ვიდეოზარი, არათუ რეალური ადამიანური გამოცდილება არ არის, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სამუშაო პროცესსაც კი აფერხებს. აი, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ Meta-მ ვირტუალური ოფისების განვითარება გადაწყვიტა – ადგილების, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მუშაობას ვირტუალურ რეალობაში შეძლებენ, ყველა იმ ციფრული ხელსაწყოს გამოყენებით, რომელთაც მათ დღევანდელი ტექნოლოგია სთავაზობთ.

ვირტუალური ოფისების და მეტავერსში მუშაობის გამოცდილება Meta-სთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე, მარკ ცუკერბერგს ორი უზარმაზარი კომპანიის ხელმძღვანელები, Microsoft-ის თავმჯდომარე სატია ნადელა და Accenture-ის თავმჯდომარე ჯული სვიტი ჩაერთნენ. როგორც აღმოჩნდა, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, Meta-ს მეტავერსულ პლატფორმებს Microsoft Teams-ი და პროდუქტიულობის აპლიკაციების პაკეტი, Microsoft 365 დაემატება. IT-სერვისებსა და საკონსულტაციო მიმართულებით მომუშავე Accenture-ი კი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, Meta-ს მეტავერსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების პროფესიულ გარემოში დანერგვაში დაეხმარება და მეტავერსის მასშტაბირებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კომპანიების გარდა, Meta კიდევ ერთ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას – საუბარია Zoom-ზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვიდეოსაკონფერენციო პლატფორმაა. ისე კი, აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობით მარკ ცუკერბერგმა კარგი სტრატეგია აირჩია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მისი კომპანია ერთი საერთო მეტავერსის შექმნამდე, ანუ Meta-ს კოლოსალურ მასშტაბებამდე გაზრდაში უნდა დაეხმაროს. თუკი მეტავერსი მართლაც „ხორცშესხმული ინტერნეტია“, როგორც მას ცუკერბერგი უწოდებს, მაშინ ის უამრავმა კომპანიებმა ერთად უნდა შექმნან.

ღონისძიებაზე სატია ნადელას და ჯული სვიტის მოწვევას კიდევ ერთი, გაცილებით უფრო პრაგმატული მიზეზიც აქვს – ასე, მარკ ცუკერბერგი უშუალოდ მის ინვესტორებს ელაპარაკება, რომლებიც, ბოლო დროს, ტექნოლოგიურ გიგანტს საერთოდ არ სწყალობენ. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ერთ წელიწადში, Meta-ს აქციების ფასი 60%-ზე მეტადაა შემცირებული.

თუმცა, დროა გადავიდეთ გუშინდელი ღონისძიების მთავარ ღირსშესანიშნაობაზე – Meta-ს უახლეს VR-სათვალეზე, Oculus Quest Pro-ზე, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქმე ისაა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის ამ მოწყობილობაზე ბევრი რამ, ასე თუ ისე, ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც იქნა, გუშინ ყველაფერს ნათელი მოეფინა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ Oculus Quest Pro შერეული რეალობის სათვალეა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ, ანუ ფიზიკურ გამოცდილებას.

პირველი, რაც Oculus Quest Pro-ს შემთხვევაში თვალში გვხვდება, XR-სათვალის შემცირებული ზომა და ძალიან დახვეწილი დიზაინია – რეალურად, ეს Oculus Quest 2-სგან სრულიად განსხვავებული მოწყობილობაა. Meta-ს უახლეს მოწყობილობას ახალი ლინზები აქვს, რომელთა დახმარებით LCD-დისპლეის სიგანე 40%-ით შემცირდა, ხოლო თითოეულ კვადრატულ ინჩზე პიქსელების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პროცესორს, Meta-ს უახლესი მოწყობილობა Qualcomm-ის Snapdragon XR2 Plus-ითაა აღჭურვილი.

ცნობისთვის, Oculus Quest Pro-ს წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია – XR-სათვალე $1499 ღირს.

თუმცა, გუშინდელი ღონისძიება ამით არ შემოფარგლულა, რადგან მის მიწურულს, მარკ ცუკერბერგმა და მისმა გუნდმა იმ ტექნოლოგიები წარმოადგინეს, რომლებზეც კომპანია ახლა მუშაობს. ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოტორეალისტური ავატარები, რომელთა შექმნას მომხმარებლები სმარტფონების გამოყენებით შეძლებენ. კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც Meta-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში მოექცა – ჰაპტიკური ამოცნობის ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებით, მომხმარებლები მესიჯების წერას და უამრავი სხვა რამის გაკეთებას, თითების მარტივი მოძრაობით შეძლებენ.

გუშინდელი ღონისძიების ბოლოს, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის მთავარ ღირებულებებზე ისაუბრა, რაც, ბოლო წლებში, ერთგვარ ტრადიციად იქცა. ის, რაც მარკ ცუკერბერგს მეტავერსში ყველაზე მეტად მოსწონს და ის, რაც რეალურად მეტავერსის მთავარი დასაყრდენია – მისი ადამიანურობაა. როგორც ცუკერბერგი ამბობს, მეტავერსში ადამიანები თავს უფრო ბუნებრივად გრძნობენ, რადგან ადამიანური ურთიერთობების დღევანდელობა, ანუ სმარტფონების, კომპიუტერებისა და ტელევიზორების ბრტყელ ეკრანებზე არსებული ორგანზომილებიანი გამოსახულებების ცქერა, უინტერესო და არაბუნებრივი რამაა.

ცუკერბერგის ამ იდეას უკეთ რომ ჩავწვდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სოციალური ქსელები და მობილური ტელეფონები, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერთი თაობისანი არიან. სწორედ ამის გამო, სმარტფონების შექმნასა და დახვეწაში Facebook-ს დიდი წვლილი არ შეუტანია, რაც სმარტფონების ევოლუციაზე ნამდვილად აისახა – ან პირიქით, არ აისახა. თუ Facebook-ის გარეშე სმარტფონის წარმოდგენა თეორიულად მაინც შეიძლება, ინტერნეტზე საუბრისას Facebook-ს გვერდს ვერაფრით ავუვლით – ეს ცუკერბერგმაც კარგად იცის და მეტავერსსაც სწორედ ამის გამო ქმნის.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები