ამერიკული ტექ-გიგანტი Meta, რომელიც Facebook-სა და Instagram-ს მართავს, ევროკავშირისაგან ყოველდღიური ჯარიმების მიღებას გადაურჩა. ამის მიზეზი კი გახდა, ის, რომ მარკ ცუკერბერის კომპანიამ ევროპის ციფრული სერვისების აქტის მოთხოვნები დააკმაყოფილა.
საუბარია ევროკავშირის მიერ დაწესებულ რეგულაციაზე, რომელიც კომპანიებს მომხმარებლების მონაცემებზე წვდომას უმცირებს. კონკრეტულად, Meta სარეკლამო მიზნებისთვის მხოლოდ იმ რაოდენობის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას შეძლებს, რამდენის უფლებასაც თავად მომხმარებელი დათანხმდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების მფლობელებს შეეძლებათ თავად გადაწყვიტონ საკუთარი აქტივობის შესახებ არსებული რა ინფორმაცია მოხვდება Meta-ს სისტემაში, რომელსაც კომპანია შემდგომში პერსონალიზებული რეკლამებისთვის იყენებს. ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულაციის აღსრულებას Meta 2026 წლის იანვრიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო Meta-მ უკვე მიიღო კოლოსალური მოცულობის, $230 მილიონი დოლარის ჯარიმა. წლის პირველ ნახევარში მარკ ცუკერბერგის კომპანია სწორედ იმიტომ დააჯარიმეს, რომ ის მომხმარებლების პირად მონაცემებს, ასევე სოციალურ ქსელში აქტივობის შესახებ ინფორმაციას მათი თანხმობის გარეშე იყენებდა და ამუშავებდა. შემდგომ კი ამ ადამიანებს პერსონალიზებულ რეკლამას სთავაზობდა. აპრილის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ევროპელი მომხმარებლების საჩივრები უძღოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ Meta მათ უთვალთვალებდა და პირად ინფორმაციას ნებართვის გარეშე იყენებდა.




























