Meta Platforms-მა უპრეცედენტო სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2031 წლისთვის საკუთარი საბაზრო ღირებულების ექვსჯერ გაზრდას და $9-ტრილიონიან ნიშნულზე გასვლას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ მაღალი რანგის მენეჯერებისთვის ახალი წამახალისებელი პროგრამა შემოიღო, რომელიც პირდაპირ ამ გიგანტური კაპიტალიზაციის მიღწევაზეა დამოკიდებული.
ახალი პროგრამის ფარგლებში, ისეთი ხელმძღვანელები, როგორებიც არიან ენდრიუ ბოსვორთი და კრის კოქსი, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ კომპანიის აქციის ფასი $3,727-მდე გაიზრდება. პირველი ეტაპის ბონუსების მისაღებად აქციის ღირებულებამ $1,116-ს უნდა გადააჭარბოს, რაც ამჟამინდელი ფასიდან თითქმის 88%-იან ზრდას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ამ კონკრეტულ საბონუსე სისტემაში ჩართული არ არის.
Meta-ს ეს ამბიციური მიზანი რამდენიმე ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას ეყრდნობა. კომპანია 2026 წელს AI ინფრასტრუქტურაში, კერძოდ ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრებში, $135 მილიარდამდე ინვესტირებას აპირებს, რომელიც, წესით, კომპანიის შემოსავლებს დრამატულად გაზრდის.
უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ამ გეგმას უკიდურესად აგრესიულს უწოდებენ, რადგან $9 ტრილიონი ნიშნავს, რომ Meta-მ დღევანდელ ლიდერებს, NVIDIA-სა და Apple-ს, თითქმის ორჯერ უნდა გაასწროს.
ცნობისთვის, ამჟამად Meta-ს კაპიტალიზაცია 1.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.




























