მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta ინდოეთში პირველ მონაცემთა ცენტრს მილიარდერ ამბანის კომპანიასთან თანამშრომლობით განათავსებს

reliance

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის პირველი მონაცემთა ცენტრის მოსაწყობად მილიარდერ მუკეშ ამბანის კუთვნილ კომპანია Reliance Industries-თან პარტნიორობა გააფორმა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, Reliance Industries-ი ინდოეთის დასავლეთით მდებარე გუჯარატის შტატის ქალაქ ჯამნაგარში 168 მეგავატი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს ააშენებს, რომელსაც Meta, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით, იჯარით აიღებს. ამერიკული ბრენდის შეფასებით, ინდოეთის მზარდი ციფრული ეკონომიკა და მომხმარებელთა მასშტაბური ბაზარი ქვეყანას საინვესტიციოდ იდეალურ ადგილად აქცევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დასახელებული პროექტი ამ ორ გიგანტს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელებაა. გასული წლის აგვისტოში Meta-მ და Reliance Industries-მა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს, რომელიც Meta-ს Llama-ს მოდელების ბაზაზე ინდური საწარმოებისთვის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებისა და ინსტრუმენტების შექმნას ისახავს მიზნად.

არსებული ინფორმაციით, ინდოეთში მონაცემთა ცენტრების ბაზრის მოცულობა, ციფრული ტრანსფორმაციის, Cloud-ტექნოლოგიების ინტეგრაციისა და ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის ზრდის გათვალისწინებით, 2034 წლისთვის თითქმის გაორმაგდება და $13.1 მილიარდს მიაღწევს.

ინდოეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებას ამერიკული ბრენდი წლებია ცდილობს, რის გამოც Meta-მ ჯერ კიდევ 2020 წელს Reliance Industries-ის შვილობილ კომპანია Jio Platforms-ში $5.7 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები