მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელმა კომპანიამ, ამერიკულმა META-მ, რომლის მთავარ ფოკუსად, ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის განვითარება იქცა, NVIDIA-სგან $30 მილიარდის ღირებულების 500,000 AI-პროცესორი შეიძინა. კომპანია პროცესორებს დიდი ენობრივი მოდელის, LLAMA 3-ის განვითარებისთვის იყენებს. მარკ ზაკერბერგის კომპანია, ამჟამად, NVIDIA-ს მიერ წარმოებულ ერთ მილიონ AI-პროცესორს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში, ხელოვნური ინტელექტი პლანეტის მთავარ ტექნოლოგიად ჩამოყალიბდა, რომლის განვითარებისთვის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები რესურსებს არ ზოგავენ. ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI, მაგალითად, ხელოვნურ ზოგად ინტელექტს ავითარებს და, როგორც სემ ოლტმენი ამბობს, უცნაური არ იქნება, თუ ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიას ყოველწლიურად $50 მილიარდის დახარჯვა დასჭირდეს, რადგან მიზანი, მისი თქმით, საშუალებას ამართლებს. ხელოვნური ინტელექტის დასწავლისთვის OpenAI-ც NVIDIA-ს 720,000 პროცესორებს იყენებს, რისთვისაც კომპანიამ $21.6 მილიარდი დახარჯა. ამგვარ თანხებს ხარჯავენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის OpenAI-ის მფლობელი Microsoft-ი და ჯეფ ბეზოსის Amazon-ი.
AI-პროცესორებზე ამგვარი მოთხოვნის ფონზე, ისტორიულად გაიზარდა NVIDIA-ს შემოსავალი და საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც, ამჟამად, $2.26 ტრილიონს აღემატება, რაც ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაც მსოფლიოში მესამე უდიდეს კომპანიად აქცევს. NVIDIA-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ NVIDIA აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა NVIDIA-ს პროდუქციაზე.