ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ მეოთხე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და გაყიდვების თვალსაზრისით სრულად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს. შედეგად, Meta-ს აქციების ფასი დოკუმენტის გასაჯაროებიდან ერთ საათში 10%-ით გაიზარდა. ბოლო 3 თვეში კომპანიის შემოსავლებმა $59.89 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 24%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, Meta-ს ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობამაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, ტექ-გიგანტის შემოსავლის მთავარ წყაროდ კვლავ სარეკლამო ბიზნესი ითვლება. Meta-მ ასევე განაცხადა, რომ მე-4 კვარტალში ყოველდღიურად მის პლატფორმებს, მათ შორის, Facebook-სა და WhatsApp-ს 3.58 მილიარდი ადამიანი იყენებდა. ამ მხრივ, კლება არ დაფიქსირებულა, თუმცა მარკ ცუკერბერგის გუნდში მოელიან, რომ 2026 წლის განმავლობაში აუდიტორიის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
Meta მოელის, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი $53.5-იდან $56.5-ის ფარგლებში იქნება, რაც ანალიტიკოსების ამჟამინდელ მოლოდინებზე გაცილებით მაღალია. განმარტებისთვის, როცა კომპანია ეკონომისტების პროგნოზზე უკეთესი შედეგის დადებას ახერხებს, ეს მკვეთრად დადებითად აისახება კომპანიის აქციების ზრდაზე, ხოლო თუ შედეგი ჩამორჩება პროგნოზს, ეს მისდამი ინტერესზე და, შესაბამისად, აქციების ფასზეც უარყოფითად მოქმედებს.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს. 2026 წელს Meta განსაკუთრებული დიდი ოდენობის თანხის ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში აპირებს. კერძოდ, საუბარია $135 მილიარდ დოლარზე, რაც AI მოწყობილობების გამოშვებას, მონაცემთა ცენტრების აშენებას, ასევე შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას უნდა მოხმარდეს. ხელოვნურ ინტელექტზე აქცენტის მიუხედავად, მძიმე მდგომარეობაშია მარკ ცუკერბერგის მიერ ინიციირებული “Reality Labs”-ი, რომელიც გასულ კვარტალშიც წაგებაზე გავიდა და Meta-ს ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ პროექტად მიიჩნევა. ამის მიუხედავად, დამფუძნებელი პროექტის შეჩერებას ჯერ არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგი მთავარ საფრთხედ ახლა მარეგულირებლების მხრიდან დაწყებულ გამოძიებებს და სხვადასხვა ქვეყანაში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასახელებს. CEO-ს შეფასებით, დიდი ჯარიმები და მომხმარებლებზე წვდომის შეზღუდვა უარყოფითად აისახება შემოსავლებზე და დააზიანებს იმ პროექტებს, რომელთა განვითარებისთვისაც Meta-ს მილიარდობით დოლარის ინვესტირებას სურს.




























