მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

poly

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მიიჩნევს, რომ პროგნოზების ბაზრები მომავლის პლატფორმებია, ამიტომ ეს სერვისი Meta-საც უნდა ჰქონდეს.

New York Times-ის ინფორმაციით, მას კომპანიისთვის Polymarket-ის მსგავსი მობილური აპლიკაციის შექმნა სურს და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის მწვანე შუქიც აანთო.

პროექტს შიდა მოხმარებისთვის Arena ეწოდება და ის დამოუკიდებელ პლატფორმად ჩამოყალიბდება, თუმცა წყაროების ცნობით, კომპანიის სხვა სოციალური ქსელები მომხმარებლებს აღნიშნული აპლიკაციისკენ აქტიურად გადაამისამართებენ.

როგორც ირკვევა, ახალი პლატფორმის კონცეფცია ამჟამად ექსპერიმენტულ, თუმცა უმაღლესი პრიორიტეტის მქონე პროექტად ფასდება. საინტერესოა, რომ საწყის ეტაპზე ის ფინანსურ ოპერაციებს არ მოიცავს და ვიდეო თამაშის პრინციპით იმუშავებს, სადაც მომხმარებლები კონკრეტულ თემებზე სწორი პროგნოზის გაკეთებისთვის ქულებს დააგროვებენ, ფულადი სახსრების ინტეგრირება კი მოგვიანებით იგეგმება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგნოზების ბაზრებმა დიდი მოგება და პარალელურად დაპირისპირება გამოიწვიეს, რის გამოც აპრილის მონაცემებით, Polymarket-ისა და Kalshi-ს პლატფორმებზე სავაჭრო ბრუნვამ ათობით მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ინდუსტრიიდან სარგებლის მიღებას სხვა სოციალური პლატფორმებიც ცდილობენ, მათ შორის არის სოციალური ქსელი X-ი, რომელმაც გასულ ზაფხულს Polymarket-თან პარტნიორობა გააფორმა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, სამართლებრივი დავების რაოდენობამაც მკვეთრად იმატა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს უკავშირდება, რომელსაც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციიდან ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებასა და ამ გზით მოგების მიღებაში სდებენ ბრალს. ამასთან, Kalshi-ს პლატფორმაზე განხორციელებული სავარაუდო ვაჭრობის გამო გამოძიება ჯორჯ სანტოსის მიმართაც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები