მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-ს შესაძლოა $1.4 ტრილიონის ოდენობის ჯარიმა გამოუწერონ - ვინ უჩივის ცუკერბერგის კომპანიას?

meta

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ, Meta-ს სასამართლოში კიდევ ერთხელ უჩივიან. ამჯერად, განაცხადი პირველ ინსტანციაში აშშ-ის ოთხმა შტატმა შეიტანა და ისინი ცუკერბერგის კომპანიას პლატფორმებზე დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის შექმნასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ედავებიან. 4-ვე შტატი ჯამურად $1.4 ტრილიონის ჯარიმის გადახდას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ კოლოსალური მოცულობის თანხა შტატის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევებისა და დაზარალებული მოზარდების რაოდენობის გადამრავლებით გამოითვალა.

თავად Meta ბრალდებებს უარყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება ოფიციალურ ფსიქიატრიულ დიაგნოზად არ მიიჩნევა. სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში ტექნოლოგიური გიგანტი ამტკიცებს, რომ მსგავსი მოცულობის ჯარიმას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ისტორიაში პრეცედენტი არ აქვს. Meta-ს წარმომადგენელთა შეფასებით, შტატების მოთხოვნა რეალურ მტკიცებულებებს მოკლებულია.

მთავარი სასამართლო პროცესი ოკლენდში, აგვისტოში გაიმართება. მხარეები ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების კანონის შესაძლო დარღვევებს სწორედ ამ სხდომაზე განიხილავენ.

აღსანიშნია, რომ მშობლების თანხმობის გარეშე არასრულწლოვანთა მონაცემების შეგროვების გამო კომპანიის წინააღმდეგ დამატებითი სარჩელი კიდევ 29 შტატს აქვს შეტანილი და მათი საქმის განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს.

საყურადღებოა, რომ ანალოგიური ბრალდებებით სასამართლო დავები Alphabet-ის, ByteDance-ისა და Snap-ის წინააღმდეგაც მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს საქმეზე ნიუ-მექსიკოს შტატმა უკვე გაიმარჯვა, რის შედეგადაც ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-ს კომპენსაციის სახით $375 მილიონის გადახდა დააკისრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები