მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta ვირტუალური რეალობის მიმართულებაზე მომუშავე თანამშრომლების 10%-ს დაითხოვს

meta

ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის გიგანტი, Meta ვირტუალური რეალობის მიმართულებაზე მომუშავე თანამშრომლების 10%-ს დაითხოვს. საუბარია დეპარტამენტზე, რომელიც არამარტო ე.წ. მეტავერსის პროდუქტებზე, არამედ VR და ჭკვიან სათვალეებზე მუშაობს. კომპანიას ამ მიმართულებით ამჟამად 15,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ეს ის სექტორია, რომლის განვითარებაზეც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 2020 წლიდან დღემდე $60 მილიარდზე მეტის ჩადო, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგის მიღება ვერ შეძლო. მართალია, ვირტუალური რეალობისა და ჭკვიანი სათვალეების გაყიდვამ კომპანიას დიდი აღიარება და შემოსავალიც მოუტანა, თუმცა ცუკერბერგის თავდაპირველი გათვლა არა უბრალოდ სათვალეების წარმოება, არამედ მომხმარებლების Meta-ს ვირტუალური სამყაროთი აქტიურად დაინტერესება იყო. ამ პროექტმა მოლოდინები ვერ გაამართლა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ Meta-ს ვირტუალური მიმართულების, Reality Lab-ის ხელმძღვანელი, ენდრიუ ბოსვორთი თანამშრომლებთან ოთხშაბათს მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და დეპარტამენტში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს გააცნობს. სავარაუდოა, რომ კომპანია ე.წ. მეტავერსის განვითარებიდან მეტ აქცენტს ჭკვიან სათვალეებზე გადაიტანს. ამ კუთხით კომპანია აქტიურად მუშაობს და წელს ახალი პროდუქტების წარდგენასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები