მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეტი აქტივობა სჭირდება რეგიონს" - მესტიაში მდებარე სასტუმრო "შგედი" გამოწვევებზე

შგედი

ინფრასტრუქტურული პრობლემები და მასშტაბური ღონისძიებების სიმცირე სვანეთში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო “შგედის” თანადამფუძნებელმა სოფო ჩხვიმიანმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გზებია, რასაც ემატება სარეკლამო აქტივობებისა და ღონისძიებების სიმცირე, რაც ტურისტულ ნაკადებზე პირდაპირ აისახება.

"ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოსაგვარებელია. პირველ რიგში, გზები, მერე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამას, რაც სვანეთში იშვიათად გვხვდება. ფაქტობრივად, ყველა ბიზნესი თვითრეკლამით ცდილობს სტუმრების მოზიდვას. მასშტაბური ღონისძიებები კი იშვიათად იმართება. თუმცა მართალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა და ეს ნამდვილად დადებითად აისახა - იმ პერიოდში სასტუმროები პრაქტიკულად 100%-ით იტვირთებოდა, განსაკუთრებით იმ ლოკაციებში, სადაც ღონისძიებები იმართებოდა“, – აღნიშნავს ის.

ჩხვიმიანი ზამთრის სეზონს ნორმალურად აფასებს და ამბობს, რომ დასაწყისი რთული იყო, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაუმჯობესდა: „ზამთრის სეზონმა ნორმალურად იმუშავა, თუმცა დეკემბერში და იანვარში თოვლი არ იყო სვანეთში და ამის გამო გაუქმდა ჯავშნები. იანვრის შუა რიცხვებიდან გაიხსნა ტრასები და აქედან გამომდინარე დაიჯავშნა შემდგომი პერიოდი,“ – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ზაფხულის ჯავშნებს, სასტუმროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯავშნები ამ ეტაპზე დაახლოებით 20%-ით არის დატვირთული და მოთხოვნა ძირითადად ტურისტული კომპანიებისგან მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები