გუშინ, 6 თებერვალს 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი კობახიძის ეკონომიკურ გუნდს მოუსმინეს.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს "ხალხის ძალის" წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიმართა და უთხრა, რომ დეცენტრალიზაციისთვის მუნიციპალიტეტებს მეტი ბიუჯეტი და მეტი უფლებების დელეგირება სჭირდებათ. მით უფრო, რომ მერებს ასარჩევად მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდებათ.
"დეცენტრალიზაცია იქნებ წყლის კომპანიიდან დავიწყოთ. ის კომპანია გადავცეთ მუნიციპალიტეტს სამართავად, რომელიც თქვენ, უკვე ააშენეთ. გადავცეთ მუნიციპალიტეტს მართვაში, რომელ მუნიციპალიტეტსაც ამის საშუალება აქვს. დეცენტრალიზაციაზე მართლა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რადგან მერს ვირჩევთ მაღალი ლეგიტიმაციით, რომელსაც ფაქტობრივად მხოლოდ საბავშვო ბაღების მოვლის, კომუნალური ფუნქციების და ა.შ. შესრულების უფლება აქვს. ალბათ მეტი თანხების გაყოლება უნდა დეცენტრალიზაციას და მეტი სამსახურებისთვის უფლებების მიცემა ადგილზევე, რომ მუნიციპალიტეტმა დეცენტრალიზაცია რეალურად იგრძნოს", - მიმართა ვიქტორ ჯაფარიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს.
ირაკლი ქარსელაძეს არ უთქვამს, რას გეგმავს კონკრეტულად დეცენტრალიზაციის გასაძლიერებლად, თუმცა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც მისი თქმით უკვე გადადგმულია და წარმატებით მუშაობს.
"დეცენტრალიზაცია ჩვენი დეკლარირებული პრიორიტეტია. ქვეყანას არა მხოლოდ სტრატეგია, არამედ ძალიან წარმატებით განხორციელებული სამოქმედო გეგმები გააჩნია. რაც შეეხება ფინანსურ დამოუკიდებლობას, ნამდვილად შთამბეჭდავია დღგ-ს განაწილების ფორმულის შედეგები რაც გვაქვს და ისიც, რაც პროგნოზია ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. რა თქმა უნდა არის გამოწვევები, რასაც გეგმაზომიერად, კონსულტაციებით და ბალანსის დაცვით ვცდილობთ, მუნიციპალიტეტები მეტად იყვნენ ჩართული შემოსულობების ახალი წყაროების გაჩენაში, ან არსებული წყაროების გაზრდის პროცესში. ამის შედეგები უკვე გვაქვს უძრავ ქონებასთან და იჯარასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქაც საინტერესო პროგრესი გვაქვს. რეალურად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც წინა პერიოდისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტს დღეს უკვე გააჩნია უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს. მათ შორის, ეს ეხება გარე ვაჭრობას, სამშენებლო და სხვა ტიპის ნარჩენების მართვას და მონიტორინგს და ა.შ." - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, დეცენტრალიზაციისთვის 2 მნიშვნელოვანი ასპექტი არსებობს, სწავლება და დაფინანსება და ამ მხრივაც 2023 წელს მნიშვნელოვანი მიღწევების წელი იყო.
შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 7 თებერვალს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს უსმენენ. 7 თებერვალსვე მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.