საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ჯერ "მეტისმეტად ადრეა" იმისთვის, რომ დასავლეთმა რუსეთისთვის სანქციების შერბილება განიხილოს. ეს იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ცდილობს, სანქციების შერბილება სამშვიდობო შეთანხმების გარანტიებში გაცვალოს.
"სანქციების მოხსნას არ ვაპირებთ, ეს მეტისმეტად ადრეა. საბოლოო ჯამში, სანქციები მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის აგრესიულ არჩევანზე და, შესაბამისად, მათი მოხსნაც მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონთან თანხვედრაში მოსვლაზე", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავე პრესკონფერენციაზე მაკრონი უკრაინას დამატებით €2-მილიარდიან სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. მანვე განაცხადა, რომ პარიზში დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე, უკრაინის მოკავშირე ქვეყნები ქვეყნის გრძელვადიან სამშვიდობო გარანტიებს განიხილავდნენ.
ხუთშაბათს, 27 მარტს, ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონი მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერს მასპინძლობს, რომლებიც "მსურველთა კოალიციის" სამიტზე იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოკავშირეები კიევის სამხედრო დახმარებას, მშვიდობის გარანტიებსა და უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავენ.
სამიტის კიდევ ერთი მიზანია, რუსეთიდან მზარდი რისკების ფონზე, უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო განამტკიცოს და ევროპის თავდაცვის პირველი ხაზისთვის მოამზადოს. კოალიციის წევრი ქვეყნები იმედოვნებენ, რომ რუსეთთან იმ ტიპის გარიგებას მიაღწევენ, რომელიც უკრაინას მოსკოვის თავდასხმისგან სამომავლოდაც დაიცავს.