„ქალაქურის" ბრენდით თხილეული მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლის მურად ღოღაძის განცხადებით, პანდემიამ წარმოებაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა.
როგორც BM.GE-ისთან საუბრისას „ქალაქურის“ დამფუძნებელი განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ადგილობრივი წარმოებები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
"გაყიდვები, დაახლოებით, 40%-50%-ით შემცირდა. პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო იყო მუშაობა; საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კი, მეწარმეებისთვის უფრო მეტად „პანდემიური“ ვითარება შეიქმნა. გაჩერებული სამსახურები, გაჩერებული ტურიზმი თითქმის ყველა პროდუქციის შემთხვევაში რეალიზაციის კლებას გულისხმობს, რადგან არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც ტურიზმზეა დამოკიდებული, რადგან იქიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი მაცხოვრებლების ხელფასებზე აისახება. ამასთან, ჩვენი პროდუქტი პირველადი მოხმარების პროდუქტი არ არის. ეს "სნექის" კატეგორიაა და შესაბამისად, როდესაც ადგილობრივებს სახელფასო შემოსავალი შეუმცირდათ, ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო“, - განმარტავს მურად ღოღაძე.
მისი თქმით, უფრო მძიმედაა მდგომარეობა ექსპორტის მიმართულებით. თუ 2019 წელს კომპანია გადამუშვებულ თხილს აშშ-ში, ჩინეთსა და უკრაინაში ყიდდა, 2020 წელს ექსპორტი განულებულია.
„ექსპორტის მიმართულებით სრულად გაჩერებულები ვართ, რადგან აზღვარგარეთაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ახალი მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ და იმის თქმა, როდისთვის შევძლებთ ექსპორტის მიმართულებით ამოქმედებას, არ ვიცით. წელს საერთოდ არაფერი გაგვიტანია ექპორტზე. 2019 წელს კი 300 000 – 500 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გავიტანეთ ექსპორტზე. ამ წლის მდგომარეობით ექსპორტს ჩვენს წარმოებაში 0%-იანი წილი უკავია, წინა წელს კი, ეს მაჩვენებელი 5%-10%-ს შეადგენდა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა.
არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიას თანამშრომლები და მათი სახელფასო სისტემა არ შეუმცირებია. ამ დროისთვის კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. „რა თქმა უნდა, გვიჭირს თავის გატანა, ვიმატებთ სესხებს და ასე გაგვაქვს თავი. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ თანამშრომელთა შემცირება კარგ შედეგს არ მოგვცემს და მაქსიმალურად შევიდავრთ ყველას მდგომარეობაში... სამომავლოდ, არ ვიცი რა იქნება. კომპანია, ფაქტობრივად, მუშაობს იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს“, - აცხადებს მურად ღოღაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ქალაქური“ 2020 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოს’’ ფარგლებში ახალი საწარმოო ხაზების დამატების და გაფართოების გეგმას ამუშავებს. მურად ღოღაძე იმედოვნებს, რომ წარმოების გაზრდით და ახალი პროდუქციის დამატებით, ექსპორტის მაჩვენებელს 30%-50%-მდე გაზრდის.