ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილისთვის სუს-ის და სახელმწიფო უწყებების კომპანიებში შესვლას მოსაწონი არ არის, თუმცა ის ამბობს, რომ ბიზნესსა და უწყებებს შორის კოოპერაცია იყო. ასე უპასუხა მან "ფორმულას" შესაბამის კითხვას, მთავრობის ადმინისტრაციაში „ფასის სამთავრობო კომისიასა“ და მწარმოებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ნაკლებად ვიყავი ქვეყანაში, გუშინ დავბრუნდი, მაგრამ მე მგონი, მოსაწონი არ არის. ეს საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და არ ვამტყუნებ. უხეშობას იქ ადგილი არ ჰქონია და კოოპერაცია იყო ბიზნესსა და უწყებებს შორის. მათ შორის [შეხვედრაზე] დასვეს აქ საკითხი, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი შესვლა და შემოწმება, იმიტომ რომ დამალული აქ არაფერია. მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად სჭირდებოდა ალბათ მთავრობას“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკეტებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე ათეულ კომპანიაში შევიდა. რითეილ ასოციაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა კომპანიებიდან გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვეს, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
2026 წლის 20 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში "ფასების სამთავრობო კომისიის" პირველი სხდომა გაიმართა, რომელზედაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.




























