პროგრამა მინიმუმი, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა იყო ის, რომ მათ ოთხ ნაწილად დაშალეს ეს პოლიტიკური ძალა და საბოლოოდ მოახერხეს, რომ ოთხ სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
ირაკლი კობახიძის პროგნოზით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნებზე ბარიერი გადალახეს საბოლოოდ პარლამენტში შევლენ.
„მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ. პროგრამა მინიმუმი რაც იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა - მათ დაშალეს 4 ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ 4 სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.