მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგზავრები ტერასა ბაკურიანი": წლევანდელ პრობლემებს გავლენა შემდეგ სეზონზე ექნება

5e132d80bfee6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.01.20 12:30
2921
სასტუმრო „მგზავრები ტერასა ბაკურიანის“ დატვითვა 100-დან 50%-მდე შემცირდა. როგორც სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჭიღლაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მიზეზი გაუმართავი წყალომომარაგებაა. ჯამში, სასტუმრო დროზე ადრე 100-მდე დამსვენებელმა დატოვა.

გვქონდა კომუნიკაცია ჩვენ სტუმრებთან და უკუკავშირი არც ისე სახარბიელო იყო. სამომავლოდ ეს ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს, უფრო მომდევნო წელს კარგად ვიგრძნობთ შედეგს, იმიტომ რომ გაბრუნებული ტურისტები გაავრცელებენ ხმას, - განაცხადა სასტუმრო „მგზავრები ტერასა ბაკურიანის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჭიღლაძემ.

მისი თქმით, პრობლემის გამო სასტუმროდან ყველა სტუმარი დროზე ადრე გავიდა.

„ვიღაცები თუ ჩამოვიდნენ ერთი კვირით ან მეტით, გაჩერდნენ 2-3 დღე. დღესაც ისეთი 4 ოთახის სტუმრები გავიდნენ, ვინც 16 იანვრამდე გეგმავდნენ გაჩერებას. უფრო მეტად გვსტუმრობდნენ პოლონეთიდან და უკრაინიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვინც იყვნენ ყველა წავიდა, პოლონელები და უკრაინელები მეტნაკლებად გაგებით მოეკიდნენ სიტუაციას.

ამ ეტაზე სურათი ასეთია: 12-13 იანვრამდე ჯავშნების პრობლემა არ არსებობს, ანუ 50-60% დატვირთულობას მაინც ვინარჩუნებთ, რაც ზამთრის სეზონისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. 13-14 რიცხვის მერე კი ჯავშნების საკმაოდ დიდი პრობლემა შეგვექმნება. ამ სეზონს ქართველები თუ გადაარჩენენ, თუ აღდგება წყალმომარაგება, მათ უფრო მარტივად მივაწვდით ხმას.

ტურისტული კომპანიებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და შეცვალეს ტურისტული მარშრუტები - თუ თბილისში 2 ღამისთევა ჰქონდათ და ბაკურიანში 5, ახლა აღარ აჩერებენ ბაკურიანში სტუმრებს“, - ამბობს ირაკლი ჭიღლაძე.

BM.GE-ის კითხვაზე როგორ უმკლავდება სასტუმროს მენეჯმენტი პრობლემას, გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, რომ სასმელი წყალი მაღაზიიდან შეაქვთ სასტუმროში, ხოლო დამსვენებლებს სპა ცენტრში შეუძლიათ აბაზანის მიღება.

„სასმელი წყალი ჩვეულებრივად მოგვაქვს მაღაზიიდან, სხვა გზა არ გვაქვს. დასაბანად გვაქვს 20 ტონიანი ავზი, რომელსაც შიგადაშიგ ვავსებთ, მაგრამ ოთახებში წყლის მიწოდება არ ხდება, რადგანაც ჩვენ გვაქვს სპა ცენტრი, დამსვენებლები იქ ბანაობენ. ამ ავზს ხშირ შემთხვევაში წყალმომარაგების კომპანია ავსებს, ჩვენ კარგად გვემსახურებიან, განიცდიან, მაგრამ მაგათი განცდა ჩვენს ფინანსებს ვერ მოაგვარებს. თუ არ გვყოფნის წყალი, მაშინ ჩვენი ძალებით ხდება ავზის შევსება, არიან ადამიანები, რომლებსაც ერთჯერადი დაქირავებით მოაქვთ წყალი“, - განმარტა სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი ჭიღლაძის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრის ღირებულება 250-დან 350 ლარამდე მერყეობს და იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოასწორონ, სეზონის განმავლობაში გარკვეულ ფასდაკლებებს შესთავაზებენ მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები