ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დამახასიათებელი შესყიდვისა და შერწყმის აგრესიული სტრატეგიის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ანტიმონოპოლიური სამსახურების დამოკიდებულების გამკაცრების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ისტორიული $75-მილიარდიანი შეთანხმება საგამოძიებო პროცესით გაჭიანურდეს და საბოლოო ჯამში ის ჩაშლამდე მივიდეს.
მარეგულირებლის წინასწარი შეფასებით, Microsoft-ის შესყიდვის პოლიტიკა ზღუდავს კონკურენციას და ბაზარზე მონოპოლიის განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ზიანს მომხმარებელს აყენებს.
საგულისხმოა, რომ გარიგების წარმატებით დასრულებას Microsoft-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან Activision-Blizzard-ის შეძენით Microsoft-ის ფლაგმანი გეიმინგ-პლატფორმა XBOX-ი ისეთ საკულტო თამაშებს მიიღებს, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush.
ცნობისთვის, პანდემიის დროს ვიდეო თამაშების „ბუმის“ პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება გეიმინგ ინდუსტრიის მიმართ მკვეთრად გაიზარდა, თავად Microsoft-მა 2020 წელს $7.5 მილიარდად Doom-ის, The Elder Scrolls Skyrim-ისა და Fallout-ის შემქმნელი სტუდია Bethesda Softworks შეიძინა.
გარდა ამისა, იაპონურმა კომპანია Sony-მ, რომელიც XBOX-ის კონკურენტ პლატფორმა PlayStation-ს აწარმოებს, $3.6 მილიარდად HALO-სა და Destiny-ს შემქმნელი გეიმინგ-სტუდია Bungie შეიძინა; უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent-ი კი Ubisoft-ში ახორციელებს ინვესტიციას - აღნიშნული სტუდია Assassin’s Creed-ს, Far Cry-სა და Rainbow Six Siege-ს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.83 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მის მენეჯმენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ პოტენციური კონკურენტები ან საინტერესო პარტნიორი კომპანიები პირდაპირ შეისყიდოს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის Microsoft-ის საბაზრო ღირებულებასა და შესაძლებლობებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.