ვირტუალური, გაფართოებული და შერეული რეალობა ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებაზე მსოფლიოს უდიდესი კომპანიები მუშაობენ. ამ მიმართულებით ლიდერია ამერიკული Meta, რომელმაც ორიოდ კვირის წინ ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი XR-სათვალე, Orion-ი წარმოადგინა. ლიდერებს შორის არის Apple-იც, რადგან Apple Vision Pro, მიუხედავად მისი კომერციული წარუმატებლობისა, პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო XR-ჩაფხუტად რჩება.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, VR, AR და XR ტექნოლოგიაზე ბევრი კომპანია მუშაობს, მაგრამ გამართული მოწყობილობების შექმნა გამონაკლისი უფრო არის, ვიდრე წესი და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ მხრივ წარუმატებელი კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული Microsoft-იც მოხვდა. წარუმატებლობის მიზეზად HoloLens-ის პროექტი იქცა, რომელზედაც ამერიკულმა გიგანტმა ოფიციალურად თქვა უარი. HoloLens 2, რომელსაც Microsoft-ი კორპორაციულ აპარატულ უზრუნველყოფად აპოზიციონირებდა, ამიერიდან აღარ გამოვა და, როგორც ირკვევა, გეგმებში არც XR-სათვალის ახალი ვარიანტი ფიგურირებს.
Microsoft-ის XR-სათვალე თავიდანვე კომპანიებს და მათ თანამშრომლებს იყო მორგებული, უმეტესწილად მშენებლობის, ინჟინერიის, წარმოების, ჯანდაცვისა და განათლების სექტორში. HoloLens-ის მუშაობის პრინციპის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება - წარმოიდგინეთ ინჟინერი, რომელიც კონკრეტული დანიშნულების ძრავზე მუშაობს. გამართული პროდუქტის შესაქმნელად მას არაერთი ნახაზის, შემდეგ კი მაკეტის შექმნა დასჭირდება, რაც რთული, შრომატევადი და, შესაბამისად, ხარჯიანი პროცესია. HoloLens-ის დახმარებით შესაძლებელია ძრავის ციფრული ასლის შექმნა, რაც ინჟინერს სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს.
რაც შეეხება HoloLens-ის ტექნიკური მახასიათებლებს. HoloLens-ი 2K-გარჩევადობის ორი დამოუკიდებელი ეკრანით არის აღჭურვილი. ამასთან, სათვალეზე დამონტაჟებულია ორი კამერა, რომელთა დანიშნულებას წარმოადგენს, როგორც მაღალი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე სიღრმის აღქმა, რაც XR-სათვალისთვის აუცილებელია. HoloLens-ის ტექნიკურ სიძლიერეზე Qualcomm Snapdragon 850-ის პლატფორმაზე შექმნილი პროცესორი ზრუნავს, რომელიც მძლავრი ჰოლოგრაფული პროცესორებით, იგივე HPU-ებით არის აღჭურვილი. თავად სათვალე, რომელიც დამოუკიდებელი ვაიზორიც აქვს, 566 გრამს იწონის.
ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება, როგორც ინჟინერიაში, ასევე მშენებლობაში, განათლებაში და ფაქტობრივად ყველა სხვა საქმეში, მათ შორის სამხედრო წარმოებაში და როგორც ჩანს, სწორედ ეს უკანასკნელი იქნება ის ვექტორი, რომელსაც Microsoft-ის HoloLens-ი სამომავლოდ აიღებს. საქმე ის არის, რომ აშშ-ის თავდაცვის ძალებს და Microsoft-ს 10-წლიანი $2.2-მილიარდიანი ხელშეკრულება აკავშირებთ, რომლის ფარგლებში ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ისეთი ჭკვიანი სათვალე უნდა შექმნას, რომელსაც ისინი ბრძოლაში გამოიყენებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ HoloLens-ი სწორედ ამ ტიპის გამოყენებისთვის შეიქმნა, ხოლო Microsoft-ი ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჭკვიანი სათვალის ამგვარი გამოყენება გაამართლებს.