მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიდგომა, რომ მესამე CFD აუქციონი არ იქნება, მეტად პროგნოზირებადს ხდის ბიზნესგარემოს - ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, სწორი მიდგომაა, რომ მესამე CFD აუქციონი აღარ გამოცხადდება და მეორე CFD აუქციონში დაფიქსირებული ტარიფებით მოხდება ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი შეთანხმებები.

როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან განაცხადა, ეს ბიზნესისთვის მეტად განჭვრეტად გარემოს ქმნის.

მისივე თქმით, სამუშაოა 2 მეგავატამდე და 2 მეგავატს ზემოთ სადგურებისთვის ტარიფების შესაბამისობის ნაწილში, რადგან მათი ხარჯები განსხვავებულია.

„ეს მიდგომა, რომ მესამე აუქციონი არ იქნება და იქნება ტარიფები, მეტად პროგნოზირებადს ხდის ბიზნესგარემოს. ანუ ვისაც ენდომება პროექტის განხორციელება, შესაძლებლობა ექნება შეადაროს ტარიფებს და მიიღოს გადაწყვეტილება. მეორე მხარე ისაა, რამდენად შეგვიძლია ერთ ქვაბში მოვხარშოთ ყველა სადგური ამ ტარიფებით, რადგან ეს ტარიფების იაფიანი და ძვირიანი სადგურების საშუალოა, ეს კი თავის მხრივ დანახარჯებიდან გამომდინარეობს. რაც უფრო ძვირი ჯდება სადგური, ტარიფიც მაღალია. იაფიანების ნაწილში მოხვდა მაგალითად 2 მეგავატამდე სადგურები, რომელთა ქსელთან დაერთების ღირებულება 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2 მეგავატზე ზევით სადგურების. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ კარგად უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ ღირებულების სწორი დანახვა და ტარიფში ასახვა“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე CFD აუქციონის გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ტარიფები, რომლითაც ინვესტორები პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებენ პროექტების შეთანხმებას, მეორე CFD აუქციონის შედეგებს დაეფუძნება. დავითაშვილის ინფორმაციით, საკითხი შემდეგ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები