სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი „რუსული კანონის“ შეფასებისგან თავს იკავებს, დონორებთან თანამშრომლობას კი დადებითად აფასებს. Bm.ge-ის კითხვაზე, მოსწონს თუ არა „ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული „რუსული კანონი“, ხიდურელი ამბობს, რომ ამის შესახებ „უფრო სწორი იქნება კანონმდებლებს ვკითხოთ“. თუმცა დადებითად აფასებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთანაც თანამშრომლობს.
„მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ თანამშრომლობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მეტსაც გეტყვით, ჩვენ წელიწადში ორჯერ ჩავდივართ ვაშინგტონში, სადაც USAID-ის ხელმძღვანელობასთან გვაქვს შეხვედრა და ამ საკითხების გავლა. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის იყო სამაგალითო და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება თავად კანონზე კითხვებს, უფრო სწორი იქნება კანონმდებლებს ვკითხოთ, ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, რომ არა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა, სააგენტოს პროექტების განხორციელება გაუჭირდებოდა.
აღსანიშნია, რომ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” არაერთ პროექტს ახორციელებს. „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ეს კანონი არ შეეხება სახელმწიფო უწყებებს.
საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას კი უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.