„რუსული კანონით“, ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგის წინაშე მარტო ვრჩებით, - ასე აფასებს ექიმი ვახტანგ კალოიანი 84 ხმით დაძლეულ კანონს, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად მიიღეს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, "რუსული კანონის" პარალელურად დასაგმობია „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რა დროსაც ისინი დასავლელ პარტნიორებს მტრებად მოიხსენიებენ, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული, „მტრის მიერ გაზრდილ ინტელიგენციას“ უწოდებენ.
როგორც ექიმი განმარტავს, „რუსულ კანონს“ პრობლემები მოჰყვება ჯანდაცვის დაფინანსების კუთხითაც, რადგან, იგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ დონორების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული რაიმე სფეროს დაფინანსება.
„რუსული კანონი“ ჩვენ სახელმწიფოს რისკის ქვეშ აყენებს. ჩვენ ძირითად მტერთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არსებობა არ სურს, ვრჩებით ერთი ერთზე, ძლიერი, სანდო, გამოცდილი მოკავშირეების გარეშე - ეს არის ამ კანონის სტრატეგიული პრობლემა და იმ რიტორიკის და გადაწყვეტილებების, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. სამოქალაქო აქტივობა, პრესის მრავალფეროვნება, ანუ ის საქმე რაც ილია ჭავჭავაძეს ქართულად მიაჩნდა, ხელისუფლებას უნდა შემოგვასაღოს, როგორც არაქართული და უცხოური საქმე. ეკლესიების გადარჩენა, მათი რესტავრაცია თურმე არაქართული გავლენის საქმეა და მასონების დევნა და ექვსიანების ძებნა თურმე ქართულია. ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგის წინაშე ვრჩებით მარტო - ჩემი აზრით, ეს არის ამ კანონის ყველაზე დიდი გამოწვევა.
რა თქმა უნდა, მას ბევრი ტექნიკური პრობლემა მოჰყვება, მათ შორის ჯანდაცვაში. როცა პარტნიორს მტერს ეძახი და დღეს ჩვენი მთავრობა დასავლელ პარტნიორებს მტრებს ეძახის, ხოლო, ვისაც განათლება აქვს დასავლეთში ან გარკვეული ცოდნა აქვს მიღებული, მტრის მიერ გაზრდილი ინტელიგენციას, ეს არის ამ კანონის ხიფათი. მთავარი პრობლემაა მისი დამოკიდებულება ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გარკვეულ ეტაპზე მაგ დახმარებამ გადაგვარჩინა ფიზიკურად. 90-იან წლებში კატასტროფა ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებებში და რომ არა ის ჰუმანიტარული დახმარება, ფიზიკური და ნივთობრივი დახმარება, უბრალოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპებოდა.
შემდეგ უკვე, როცა გარკვეული ფორმა მიიღო ჯანდაცვამ, უდიდესი სისტემური, ანალიტიკური, ექსპერტული დახმარება იყო მათი მხრიდან, რომელიც სახელმწიფოს სისტემის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. უდიდესი შრომაა გაწეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, USAID-ის მიერ, გერმანიის დახმარების სააგენტოს მიერ, სადაც უამრავი ცოდნა მიიღო სამედიცინო სისტემამ, როგორც მართვის, ისე კლინიკურ რგოლში. ასევე ონკოლოგიაში იყო უზარმაზარი მხარდაჭერა, ასევე C-ჰეპატიტის პროგრამაში, ასევე გადაუდებელი მედიცინა და უამრავი რამ. გარდა პირდაპირი მატერიალური მხარდაჭერისა, არის და დიდი იმედი მაქვს რომ გაგრძელდება ეს დახმარება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ ამ კანონის მიღება დონორების მხრიდან ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაზე არ აისახება და გააგრძელებენ დაფინანსებას, ეს მხოლოდ მათი კეთილი ნება იქნება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ეცადა, რომ მათთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაეფუჭებინა.