მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახმარებები, რომლებიც "რუსული კანონის" და არჩევნების გამო შეჩერდა

ოცნება ივანიშვილი

"არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვიცავთ", - ამის შესახებ 30 ოქტომბერს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ულფ კრისტერსონის თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა იყო. მთავრობის მეთაურის განცხადებამდე, შვედმა მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას აპაუზებს. ოფიციალური სტოკჰოლმის ცნობით, საქართველოსთვის, წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ კრონი იყო გამოყოფილი, მათ შორის, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

"მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, მთავრობა შვედურ - ქართულ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან, აპაუზებს“, – თქვა მინისტრმა.

რა მიმართულებებით იხარჯებოდა მთავრობისთვის გამოყოფილი თანხა, შეჩერდა თუ არა შვედეთის მთავრობის მხრიდან ფულადი დახმარება უკვე და რა ტიპის ურთიერთობები ჰქონდა შემოსავლების სამსახურს შვედეთის სახელმწიფო ორგანოებთან? ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში განმარტებას არ აკეთებენ.

ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე არა, თუმცა კანადის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადააფასებს.

"კანადა, როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, შეშფოთებულია 26 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით. წუხილს გამოვთქვამთ ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო, რომლებიც დადასტურებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ეს შედეგები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში "რუსული კანონის" მიღებიდან დღემდე, საქართველოს არაერთი დახმარება შეუჩერდა. ევროკავშირი ერთ-ერთი იყო, რომელმაც საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეაჩერა. ინფორმაცია ივლისში გავრცელდა და მაშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მხარდაჭერა მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მიიმართება.

"ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება სხვა ზომების მიღებაც... ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ", - თქვა ელჩმა.

გასულ თვეში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი ოთხწლიანი პროექტი "შემოქმედებითი კომპასი საქართველოც" შეაჩერა. "შემოქმედებითი კომპასი საქართველო” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ თანადაფინანსებული პროექტი იყო, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა იყო.

ამასთან, შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან და დაპაუზდა მთავრობისთვის 121 მლნ ევროზე მეტის დაფინანსების გამოყოფა.

"ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ.

მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკისა და "რუსული კანონის" გამო, დახმარებების შეჩერების გადაწყვეტილება გაერთიანებულმა სამეფომაც მიიღო. დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან სტრატეგიული "უორდროპის დიალოგი" გაყინა, კიბერუსაფრთხოების პროგრამა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები კი შეაჩერა.

"პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის "უორდროპის დიალოგი" მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას", - განაცხადა მაშინ საქართველოში გერმანიის ელჩმა, გარეტ უორდმა.

ურთიერთობების გადახედვა დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-მ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარის პროგრამები გაუჩერა. შეჩერებულ პროგრამებს შორის მოხვდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ტექნიკური აღჭურვა, კვლევითი პროექტები და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება. დაფინანსება შეუწყდა ე.წ ლუგარის ლაბორატორიას და ახლა ცენტრი შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის 5.9 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს.

ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერებას უკავშირდება.

საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ევროკავშირს, გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. დასავლეთი ამ ეტაპზე ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებებს არ უჩერებს. არ არის გამორიცხული, სიტუაცია შეიცვალოს. მათ შორის, კითხვის ნიშნებია ვიზალიბერალიზაციის მხრივ. როგორც არჩევნებამდე რადიო თავისუფლება წერდა, სავიზო რეჟიმის გაუქმება არჩევნებზე იქნებოდა დამოკიდებული. საპარლამენტო არჩევნებზე კი ამ ეტაპზე კითხვის ნიშნებია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები