მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას „აწარმოე საქართველოს“ გარეშე აგრძელებს, მიზეზი „რუსული კანონია“

usaid

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შეჩერებას ადასტურებს და განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერებას უკავშირდება. ამის შესახებ BM.GE-ის USAID-ში განუცხადეს.

საქმე ისაა, რომ აპრილში გამართული პრეზენტაციის თანახმად, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოშისთან“ ერთად, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა იყო ჩართული და გათვალისწინებული იყო, რომ ის უზრუნველყოფდა თანადაფინანსების კომპონენტს. თუმცა, როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, USAID-ი პროგრამაში ჩართული აღარ არის და ბენეფიციარებს დამოუკიდებლად ეხმარება.

საკითხზე დეტალების გასარკვევად BM.GE თავად USAID-ს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ ეს უკავშირდება აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარების შეჩერებას, რომლის შესახებაც 31 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"შეჩერება მოიცავს USAID-ის გარკვეულ დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის თანამშრომლობას „აწარმოე საქართველოშისთან“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ერთობლივ პროგრამაზე",- აღნიშნულია USAID-ის მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებულ პასუხში.

აქვე სააგენტოში განმარტავენ, რომ „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობის შეჩერების მიუხედავად, USAID-ი საქართველოში კერძო სექტორის დახმარებას დამოუკიდებლად აგრძელებს.

USAID-ში აღნიშნავენ, რომ ფინანსური ინოვაციების პროგრამა გააგრძელებს ქართველი ობლიგაციების ემიტენტების მხარდაჭერას ფინანსურ მრჩეველთა პროექტის ფარგლებში, რომლის უპირველესი მიზანია გააფართოოს ქართული საწარმოების ხელმისაწვდომობა ზრდაზე ორიენტირებულ კაპიტალსა და ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა თუ სერვისებზე.

USAID-ში აღნიშნავენ, რომ ფინანსურ მრჩეველთა პროექტის მეშვეობით, სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების სახით, დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიციის მობილიზება მოხდა ქართული კომპანიებისთვის, რომელიც მათ შორის მოიცავს ქალების მფლობელობაში/მენეჯმენტში არსებულ მცირე და საშუალო კომპანიებს, ასევე სტარტაპებს.

შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ დაწყებული აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები