მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

232
11.10.25 13:41
867

"ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათი რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ-ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი და პოეტი ლიანა სტურუა.

კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ა(ა)იპ „თორაძე ფაუნდეიშენის“ დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე, საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, სსიპ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე, კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე, ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია, ა(ა)იპ „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე, სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის“ ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის „ანსამბლ“ გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.

„უნიკალური ქართული ფოლკლორი, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ხუროთმოძღვრების ძეგლები, პოეზია, ქართული ცეკვა, პოლიფონია და ზოგადად, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე დროსა და სივრცეში არ დაკარგულიყო და თაობიდან-თაობას გადასცემოდა, განსაკუთრებული წვლილი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთვის უძვირფასეს და გამორჩეულ ქართველებს შეჰქონდათ, რომლებიც ერთი მხრივ გვინახავდნენ, მეორე მხრივ კი ახალს სძენდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ამ უწყვეტობამ, ჩვენში გამჯდარმა ქართულმა კულტურამ და იმისმა რწმენამ, რომ მას დაცვა და გამდიდრება სჭირდება, განაპირობა კიდეც ჩვენი ერის გადარჩენა ყოველთვის, როდესაც საქართველოს რთული დრო ედგა. ყველა ეპოქას ჰყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ! სწორედ ამიტომ, ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოოთ. გილოცავთ და კიდევ ერთხელ, მთელი ერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე თქვა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

“საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც. საუკუნეების მანძილზე კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ჩვენი იდენტობა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა და შეგვინახა ჩვენი ეროვნული იდენტობა.

ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანთა სია თავისთავად მეტყველებს ჩვენი კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე: რეჟისორები და პოეტები, კომპოზიტორები და მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და ქორეოგრაფები, შემსრულებლები და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის ყველა მკვლევარი - თითოეული თქვენგანი, თქვენი განუმეორებელი ხელწერით, საქართველოს ერთიან, მრავალხმიან კულტურულ პორტრეტს ქმნით.

თქვენი შემოქმედება სცილდება პირადი წარმატების ფარგლებს. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენ აკეთებთ ეროვნულ საქმეს და ამავდროულად, საკაცობრიო ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობებს, მსოფლიოს უყვებით საქართველოს ისტორიას თუ დღევანდელობას, განამტკიცებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში.

სახელმწიფო ჯილდო, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ, არის ამ ღვაწლის მხოლოდ მოკრძალებული აღიარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით კი, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია.

"დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. ეს პირობები ყველასთვისაა და ყველა სარგებლობს საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარებისა და გამოვლენის საშუალებით, რაც ჩვენი კონსტიტუციითაც დაცულია. შემოქმედების პროცესი წარმოადგენს ყოფიერების ყველაზე შინაარსიან გამოვლენას. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება.

ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი ამდიდრებს ჩვენს საუნჯეს, წარმოადგენს ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, გვეხმარება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ. ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება საკუთარი შესაძლებლობისა და უნარის ფარგლებში ვიზრუნოთ ქართულ კულტურაზე - ვინ შემოქმედებით, ვინ ხელშეწყობით, ვინ დაცვითა და ვინ გამრავლებით",- თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები