"ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთშია, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი, მათ შორის, დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობაზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ხალხთაშორისი ურთიერთობის წახალისებაზე. მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გასულ წელს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
bm.ge გთავაზობთ საქართველო-სლოვაკეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ მონაცემებს, რომლებიც არც თუ ისე მოცულობითია.
ვაჭრობა
ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან მზარდია. ექსპორტ-იმპორტის ჯამი გასულ წელს 6%-ით გაიზარდა და 35.9 მლნ დოლარი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ბევრად არ აღემატება 2014 წლის 33.5 მლნ დოლარის ბრუნვას. 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი სავაჭრო ბრუნვა 3.8 მლნ დოლარია (იმპორტი $2.2 მლნ, ექსპორტი $1.6 მლნ)
საქართველოს სლოვაკეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს - თავად მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
გასულ წელს იმპორტი 8%-ით შემცირდა და 25.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. TOP-5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $7.7 მლნ;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2.8 მლნ;
- სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - $1.8 მლნ;
- სამართებლები და მათი პირები - $1.3 მლნ;
- იარაღი და ინვენტარი ფიზკულტურული საქმიანობისათვის - $855.3 ათასი.
რაც შეეხება ექსპორტს, 10 მლნ დოლარი იყო, რაც 75%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. TOP 5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $5.4 მლნ
- თხილი და სხვა კაკალი - $2.9 მლნ
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $666.9 ათასი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $658.9 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები - $195.7 ათასი.
FDI
2025 წელს სლოვაკეთიდან 11.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წელს დაფიქსირებული 16.6 მლნ დოლარის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. FDI წლის ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა.
ტურიზმი
სლოვაკეთიდან ვიზიტები პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა. რეკორდული 6689 ვიზიტი 2019 წელს დაფიქსირდა. 2025 წელს 6155 ვიზიტი განხორციელდა, რაც მეტია 2024 წლის 5575 ვიზიტზე.

ფულადი გზავნილები
სლოვაკეთის წილი საქართველოს ფულად გზავნილებში უმნიშვნელოა და 0.4%-ს შეადგენს. მაჩვენებელი მზარდია - 2025 წელს 14 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს კი 11 მლნ დოლარი.




























