ხაზგასმით ვამბობ, მიხეილ ყაველაშვილს არ გაუკეთებია არცერთი ანტიდასავლური განცხადება. როგორც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ყაველაშვილი როდესაც აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურებს უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება.
„ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, შეიძლება, ვიღაცამ ეს მოიხსენიოს, როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია. კრიტიკა არის კრიტიკა. როდესაც მით უმეტეს უსამართლობას აკრიტიკებ, ეს არ არის ანტიგანცხადება. ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გამორჩეულად ღირსეული ადამიანია.
„ვინმეს თუ უყვარს ამ ქვეყანაში საკუთარი სამშობლო, ერთ-ერთი პირველი არის სწორედ მიხეილ ყაველაშვილი. IQ-ზე იყო შეკითხვა, ერთი თავით და ათი თავით სჯობნის მიხეილ ყაველაშვილი, მათ შორის ამ კომპონენტში როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად გითხრათ ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილს მაგალითად რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი, არ იტყოდა, რომ 20-25 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმუმ 10 პროცენტი შეიძლება გააყალბოსო. ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, ის არ გაყიდიდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას. IQ რომ არ ჰქონდა, იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, ვინ იყვნენ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები, კობახიძის თქმით, ეს აღარ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატი უკვე შერჩეული და წარდგენილია.