სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭის ყრის მიზნით, პარტია „ძლიერი სომხეთის“ თავმჯდომარე და სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი რუსეთის და კვიპროსის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესს იწყებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ - მინისტრობაზე კენჭს მეოთხედ იყრის
ბიზნესმენს სომხეთის მოქალაქეობის გარდა, რუსეთის და კვიპროსის მოქალაქეობა აქვს. მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაწყების შესახებ მან ერევანში, მის საქმესთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ პარტიამ „ძლიერი სომხეთი“ ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ჯერ კიდევ 12 თებერვალს წარადგინა. მაშინ მისმა ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ პარტიის მიზანი ქვეყნის კურსის შეცვლაა. თუმცა სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, პირი, რომელიც სომხეთის მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც ფლობს, ვერ იქნება ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
„რადგან „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი ვარ, არჩევნებში ვმონაწილეობ და გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, ამ პასპორტებზე უარის თქმის პროცესი დავიწყე“, - განაცხადა ბიზნესმენმა სასამართლო პროცესზე.
სომხური მედიის ცნობით, პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ საარჩევნო სიის პირველი ოცდაათი პირი უკვე წარადგინა, რომელშიც სამველ კარაპეტიანი არ შედის. სიის სათავეში სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი ნარეკ კარაპეტიანია.
15 აპრილს სომხეთში კარაპეტიანის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის შუამდგომლობა დააყენა, სასამართლომ კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2025 წელს მილიარდერს სომხეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოტივით საჯარო მოწოდებებისთვის წარედგინა ბრალი (სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ბრალის წარდგენამდე მან სომხურ სამოციქულო ეკლესიას დაუჭირა მხარი, რომელსაც ბოლო დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აკრიტიკებს.
მოგვიანებით კარაპეტიანს ბრალი ასევე წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე. ის არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბიზნესმენი გასული წლის ივნისში დააპატიმრეს. დღეისთვის კი იგი შინაპატიმრობაში იმყოფება.
„ტაშირ ჯგუფის“ (Tashir Group) მფლობელის სამველ კარაპეტიანის ქონება Forbes-ის შეფასებით 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ტაშირ ჯგუფის“ აქტივებს შორის რუსეთში სავაჭრო ცენტრები „რიო“ და „ფორა-ბანკია“.




























