ამერიკელი ბიზნესმენი სტივენ რეილსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ინდიანა პეისერსის” 15%-ს შეიძენს. ამ გარიგებით სტივენი კლუბის 20%-ის მფლობელი იქნება, რადგან წარსულში მას “პეისერსის” 5% უკვე შესყიდული ჰქონდა.
კლუბის სრული წილის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია, ხოლო შემოსავლების თვალსაზრისით “პეისერსი” კლუბებს შორის 23-ე ადგილზეა 275 მილიონი დოლარით.
სტივენ რეილსი და მისი ძმა სამეცნიერო და ტექნოლოგიური დანადგარების დამზადების ფირმა “დანაჰერს” ფლობენ. ისინი კომპანიას 1984 წლიდან უძღვებიან და მათი ქონება 7,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ცნობისთვის, “ინდიანა პეისერსი” სიმონების ოჯახმა 1983 წელს 11 მილიონ დოლარად შეიძინა. ჰერბ სიმონი კი დღემდე რჩება ყველაზე ხანგრძლივ კლუბის მმართველად NBA-ის ისტორიაში.