მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერმა ჯეკ მამ ტოკიოს უნივერსიტეტში პირველი ლექცია ჩაატარა

649182500762c
გიორგი თოლორდავა
21.06.23 01:00
949
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მეწარმე საჯარო ცხოვრებას უბრუნდება. 58 წლის ჯეკ მამ ტოკიოს უნივერსიტეტში პირველი ლექცია წაიკითხა. სემინარი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელშიც მილიარდერმა მეწარმემ სტუდენტებთან ერთად მენეჯმენტის თეორია და წარმატების სტრატეგიები განიხილა.

იაპონიის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჯეკ მა მოწვეული ლექტორის ამპლუაში იყო წარმოდგენილი, რაც მისი საქმიანობის ახალი სფეროა. სწორედ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინელი ბიზნესმენი აქტიურ საჯარო ცხოვრებას უბრუნდებოდა და მსოფლიოს ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავდა.

ჯეკ მას სალექციო კურსები მეწარმეობას, მენეჯმენტს, მდგრად განვითარებას და სოფლის მეურნეობას შეეხება. ცხადია, Alibaba-ს დამფუძნებლის სალექციო კურსის მოსმენის პრივილეგია მხოლოდ საუკეთესო სტუდენტებს ექნებათ. როგორც ცნობილია, ჯეკ მა ლექციებს ტოკიოს უნივერსიტეტში, ჰონგ-კონგის კოლეჯში, თელ-ავივის უნივერსიტეტსა და რუანდას უნივერსიტეტში ჩაატარებს.

გარდა ამისა, თითქმის ორწლიანი დევნის შემდეგ, ჯეკ მა მშობლიურ ჰანჟოუსაც დაუბრუნდა, სადაც ის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებთან შეხვედრებიც გამართა.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის მწვავე პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. ამჟამად ჩინელი მეწარმე უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 66-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული და მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯეკ მას დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე ის 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

მისი სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი რეგულაციების, ინოვაციისა და ფინანსური რისკების საკითხებს შეეხო.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

სიტყვით გამოსვლიდან მალე ჯეკ მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდა.

ზუსტად რატომ დაბრუნდა მეამბოხე მეწარმე ჩინეთში, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს Alibaba-სთან იყოს დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ჯეკ მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში ჩინეთის დე-ფაქტო ბიზნესელჩის როლსაც ასრულებდა. ჯეკ მას პოლიტიკურ დევნილად ქცევამ ჩინეთის საინვესტიციო იმიჯი მნიშვნელოვნად გააუარესა, პრაგმატულ კომუნისტურ მთავრობას კი კარგად ესმის, რომ შურისძიებაზე ქვეყნის გადაყოლება ნამდვილად არ ღირს, ჯეკ მას დაბრუნება კი, შესაძლოა, იმის მაუწყებელი იყოს, რომ სი ძინპინმა თავისი შეცდომები გაიაზრა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმის დევნა საბოლოოდ შეწყვიტა.



საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები