მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით - ლევან ფხაკაძე

ლევან ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების ერთგულია, რაც წლების განმავლობაში, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა.

ბიზნესმენი "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურს ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ევროპულ სტანდარტებს.

"მოგესალმებით! მსურს ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი.

ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია ამაში ცალსახად ვფიქრობ ყველა ქართველს ერთი პოზიცია გაგვაჩნია.

სწორედ ამ პოზიციის ერთგულია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა წლების განმავლობაში ქართული საგარეო პოლიტიკური კურსი და შეუსაბამა იგი ქართველი ხალხის ნებას. 2012 წლიდან ერთმნიშვნელოვნად გათავისუფლდა ბიზნესი/ეკონომიკა წნეხისა და უკანონო გავლენისგან, სრული ძალისხმევა მიემართა ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაზე. არსებული ხელისუფლების პირობებში ცალსახად და ხაზგასმით, ქვეყნის უზენაესი კანონით დეკლარირებულ დონეზე განაცხადა ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ და გასული წლის ბოლოს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება! ბუნებრივია, გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება. სამართლიან, განვითარებაზე ორიენტირებულ, სუვერენულ სახელმწიფოს სჭირდება დემოკრატიული ინსტრუმენტები მდგრადი და სტაბილური მმართველობისთვის. სწორედ ამგვარ მექანიზმად მესახება გამჭვირვალობის კანონი, რომელიც კამათის საგნად იქცა და რომელიც ბაზირებულია სწორედ დასავლურ, ანალოგიურ საკანონმდებლო აქტებზე და მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა კი არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშვალდებულების, საზოგადოების ინფორმირებულობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სწორედაც ევროპულ სტანდარტებს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლების და საზოგადოების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ დესტაბილიზაცია და შევინარჩუნოთ ურყევი მისწრაფება ევროინტეგრაციისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება!",- წერს ლევან ფხაკაძე.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.

26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები