საერთაშორისო ფონდი “კურაციოს” პრეზიდენტი, გიორგი გოცაძე, BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” ისაუბრა საყოველთაო მოცვასა და მიზნობრივ ჯანდაცვას შორის ალტერნატივაზე. კურაციოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის სიღარიბისგან დასაცავად მიზნობრივი ჯანდაცვა უფრო ეფექტურია, ვიდრე საყოველთაობა.
“თქვენ წინა გადაცემაში სტუმრად გყავდათ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო და მას ჰკითხეთ საყოველთაო ჯანდაცვასა და მიზნობრივ ჯანდაცვას შორის სხვაობაზე. ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ კვლევა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც ცხადად ცხადყოფს, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა საყოველთაობის კუთხით. დავიცავით მოსახლეობა ამბულატორიულ დანახარჯებში, დავიცავით საავადმყოფო დანახარჯებზე კიდევ უფრო მეტად. მაგრამ საავადმყოფო დანახარჯები ეხება მოსახლეობის 12%-ს და 70% ეხება ქრონიკული დაავადებისთვის მედიკამენტს როდესაც ყიდულობს ოჯახი, რათა დაავადებულ პაციენტს უმკურნალოს. აქ ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ეკონომიკურ კიბეზე, ყველაზე დაბალი, მოსახლეობის 20%-სთვის წამალზე დახარჯული 1 ლარიც კი შესაძლოა გამაღატაკებელი გახდეს. შესაბამისად, საავადმყოფო დანახარჯები თუ 8-ჯერ ზრდის გაღარიბების ალბათობას, მოსახლეობის მიერ წამალზე გაწეული დანახარჯი, 44-ჯერ უზრდის გაღატაკების მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მიზნობრიობაა მთავარი და არა საყოველთაობა.
მეც მყავს სახლში პენსიონერი ოჯახის წევრი, რომელიც არ საჭიროებს სახელმწიფოს დახმარებას, გასაგებია, თუ პენსიონერი სიდუხჭირეში ცხოვრობს, ის ავტომატურად მოხვდება გაფართოებულ პროგრამაში, მაგრამ ასე უბრალოდ, პენსიონერებისთვის გავზარდოთ მედიკამენტები, როდესაც მწირია სახელმწიფო რესურსები, ჯობია ალბათ უფრო მიზნობრიობაზე ვისაუბროთ და სწორედ ამ ღარიბ მოსახლეობას გავუფართოვოთ წამლის პაკეტი, დავუმატოთ მეტი წამალი, რომ უფრო მეტად დავიცვათ სიღარიბისგან. იმ ღარიბ ოჯახებში, როდესაც თანხა წამალზე იხარჯება, მაშინ არ იხარჯება ბავშვის განათლებაზე, არ იხარჯება ნორმალურ კვებაზე და ა.შ.” ამბობს გიორგი გოცაძე.