ექვს წელზე ძველი ავტომობილების აქციზის გაზრდასთან ერთად, 3-დან 6 წლამდე ავტომანქანების განბაჟების გაძვირებით შეშფოთებულმა ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილსაც კი მიმართა ღია წერილით, მაგრამ ბიზნესომბუდსმენ და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველ ოთარ დანელიას - არა. ჯერჯერობით, არც - თავად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრა მოუთხოვიათ.
"სიამოვნებით მივმართავდი [ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას] და დახმარებას ვთხოვდი", - თქვა "წერტილთან" ინტერვიუში ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნონიაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მოუმზადებელია და რეალურ ეკოლოგიურ ეფექტზე მეტად, მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს; ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს სექტორის აქტივობა და გაზარდოს სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი.
როგორც „წერტილში“ ალექსანდრე ნონიაძემ განაცხადა, მცდელობის და სურვილის მიუხედავად, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, მაგრამ ამბობს, რომ პრემიერი ინფორმირებულია იმ შესაძლო ზიანის შესახებ, რაც შეიძლება 1-ელი აპრილიდან ავტომობილების განბაჟების გაძვირებამ გამოიწვიოს.
ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის გათვლებით, „ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების 30-40% მუშაობას შეწყვეტს, დილერების 50-60%-მდე უმუშევარი დარჩება, ხოლო ავტოინდუსტრიის ბრუნვა, რომელიც 6 მილიარდი დოლარია 2.6 მლრდ დოლარით შემცირდება“.
ინტერვიუ ალექსანდრე ნონიაძესთან
- ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ ღია წერილით მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავიათ, რადგან როგორც აღნიშნეთ, სხვა ყველა გზა სცადეთ... მაინტერესებს ოთარ დანელიას თუ მიმართეთ - მართალია, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი გაუქმდა, მაგრამ ის დღეს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველია და ბიზნესომბუდსმენის პოზიციასაც ითავსებს....
- მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ღია ეთერში მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არ შეიძლებოდა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება. დიახ, ბატონი ოთარ დანელია ახლა ეკონომიკის მინისტრის მრჩეველია... იცით, რა არის? ეს თემა თავიდან ბოლომდე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკითხი იყო...
- გასაგებია, რომ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ამ რეგულაციამ შეიძლება შეამციროს ინდუსტრიის ბრუნვა, სამუშაო ადგილები და ა.შ. პრობლემა ეკონომიკის სამინისტროს თავის ტკივილიც ხდება...
- 12 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 6 წელზე უფროსი ავტომობილების შემოყვანა უნდა აიკრძალოს, მან იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. იმ დეპუტატებმა, რომლებსაც უშუალოდ დავუკავშირდით (ალბათ იციან, რომ სიმართლეს ვამბობ) სანამ ჩვენ ამ საკითხს ვარკვევდით, დადგენილებას ხელი უკვე მოეწერა. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: როდესაც ასეთ მნიშვნელოვან დარგს ვეხებით, სახელმწიფომ, ელემენტარულად, დარგის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოს აზრი. თუ ჩემი პიროვნული მიუღებლობა არსებობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ასეა, მზად ვარ, გვერდზე გავდგე, ოღონდ დაელაპარაკონ იმ ადამიანებს, ვინც მათთვის მისაღებია.
- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა მთავრობა ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ბიზნესის შეშფოთებული ხმის გაგონების შემდეგ იხევს უკან ან ცვლის სტრატეგიას. მაგალითად, პლასტიკის აკრძალვის საკითხიც კმარა...
- ერთს ვიტყვი: თუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩვენი ასოციაცია მისაღებია დაშლილ ავტომობილებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, ე.ი. ისინი აღიარებენ ჩვენს კომპეტენციას. მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ამ თემაზეც კონსულტაციების გავლა?
- რა პასუხს გცემენ?
- პასუხი არ აქვთ. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ადამიანმა, დარგის ჩართულობის გარეშე მიიღო. დადგენილება მომზადების გარეშე შემოვიდა, შემდეგ კი ის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტში გადაიტანეს, რაც, რეალურად, შინაარსობრივად არაფერს ცვლის.
- 1 აპრილამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ერთ საათშიც შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთხელ გკითხავთ - ოთარ დანელია თუ გაგახსენდათ ამ კონტექსტში, როგორც მოქმედი ფიგურა?
- სიმართლე გითხრათ, არა, თუმცა ბატონ ოთარს მხოლოდ მადლობა ეკუთვნის. 2023 წელს, როდესაც ავტომობილებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, ის ბიზნესომბუდსმენი იყო და ძალიან დაგვეხმარა.
- ახლაც შეუძლია დახმარება, თან მარიამ ქვრივიშვილის მრჩეველიც არის...
- სიამოვნებით მივმართავდი თქვენი ეთერით და დახმარებას ვთხოვდი; ამაში სათაკილო არაფერია.
- პირიქით, ის შეიძლება კარგი შუამავალი აღმოჩნდეს... უშუალოდ ეკონომიკის მინისტრთან თუ გქონიათ კომუნიკაცია? შესაძლოა, მან უკეთ გაგიგოთ, თუ რიცხვებით დაუსაბუთებთ, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და როგორ შეფერხდება ავტოინდუსტრია...
- ეს დასაბუთებული და არგუმენტირებული ინფორმაცია ადრესატამდე მივიდა, თუმცა სამწუხაროდ, უკურეაქცია არ ყოფილა.
- რა ლოგიკა შეიძლება იდგეს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღმა? მთავრობისთვისაც ხომ პრობლემაა, თუ ინდუსტრიის ბრუნვა შემცირდება და ეს მომიჯნავე სექტორებზეც აისახება?
- სიმართლე გითხრათ, ლოგიკას ვერ ვხედავ. მგონია, რომ ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იმ ფორმით უნდა გაიტანონ, რა ფორმითაც თავიდანვე ჩაიფიქრეს. ზოგადად, ვხედავ ტენდენციას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში აზრს კარგავს ნებისმიერი ასოციაცია, თუ გადაწყვეტილების მიღებისას დარგის სპეციალისტების პოზიციას არ ითვალისწინებენ.




























