მიმდინარე წელი საფონო ბირჟისთვის მრავალმხრივად რეკორდული გამოდგა, მაგრამ მთავარი რეკორდი მაინც საფონდო ბირჟაზე დალისტულ სავაჭრო ფონდებს, იგივე ETF-ებს უკავშირდება, რომლებშიც წელს ინვესტორებმა ტრილიონ დოლარზე მეტი დააბანდეს.
ყველაზე დიდი, კერძოდ $100-მილიარდიანი ინვესტიცია Vanguard-ის S&P 500-ის ETF-მა მოიზიდა, ხოლო ყველაზე სწრაფად მზარდი სავაჭრო ფონდის სიმბოლური ტიტული iShares-ის ბიტკონის ტრასტმა მიიღო, რომელშიც ინვესტორებმა იანვრის შემდეგ $34 მილიარდი დააბანდეს. დღეს, ETF-ების აქტივების ჯამური მოცულობა $10 ტრილიონს აღემატება.
სავაჭრო ფონდი, იგივე ETF, რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივებს, მათ შორის აქციებს, ობლიგაციებს ან ოქროს ან ნავთობის მსგავს საბირჟო საქონელს აერთიანებს. ETF-ში ფულის დაბანდებით, ინვესტორს შეუძლია ერთდროულად ბევრი აქცია ან ობლიგაცია შეიძინოს და ასე, ერთი მხრივ, შეიმსუბუქოს რისკი და, მეორე მხრივ, შეამციროს კვლევისთვის საჭირო დრო. ინდექსების უმეტესობა დივერსიფიცირებულია და ათობით და ასობით აქციას მოიცავს. თუ ერთი ან ორი კომპანია წაგებაზე გავა, ინდექსი, შესაძლოა, მაინც გაიზარდოს, ანუ ჯამურ ინდექსს ზარალი არ მიადგება.
ინდექს ფონდში ინვესტირებით საშუალება გაქვს ფული დააბანდო არა ერთ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაში, არამედ სხვადასხვა სექტორში, ოქროში, ნავთობში, კრიპტოვალუტაში და ა.შ. მისი დახმარებით თავიდან ირიდებ ინდივიდუალურ კომპანიების შესწავლას. ფონდის პორტფელში უკვე განსაზღვრულია ის აქციები და ობლიგაციები, რომლებიც უნდა შეისყიდო. ამასთან, დანაკარგების რისკიც მცირეა, რადგან ინდექსების უმეტესობა დივერსიფიცირებულია და ათობით და ასობით აქციასა თუ სხვა ტიპის ინვესტიციას მოიცავს. თუ ერთი ან ორი კომპანია წამგებიანი იქნება, ჯამში შენს კაპიტალს დიდი ზარალი არ მიადგება.
საფონდო ბირჟაზე დალისტული სავაჭრო ფონდების მიერ მოზიდული ინვესტიციების მზარდი მოცულობა მიანიშნებს, რომ ინვესტორები აშშ-ის ეკონომიკას და ფინანსურ ბაზრებს ენდობიან, რაც, დიდწილად, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ურთიერთდახმარების ფონდების შემცირებული პოპულარობა — ამ ტიპის ფონდებმა წელს ჯამში $200 მილიონი დაკარგეს, რომლის დიდი ნაწილი ინვესტორებმა სწორედ ETF-ებში გადაიტანეს.
ურთიერთდახმარების ფონდი არის კომპანია, რომელიც აგროვებს თანხას სხვადასხვა ინვესტორისგან და მოზიდულ თანხას დებს აქციებში, ობლიგაციებსა და სხვა მოკლევადიან აქტივებში. ინვესტორებს შეუძლიათ, ურთიერთდახმარების ფონდების აქციები იყიდონ და ამ გზით ფონდის თანამესაკუთრე გახდნენ. თანამესაკუთრეები ფონდის მოგებისგან შემოსავალს იღებენ. ურთიერთდახმარების ფონდი ყოველდღიურად ვაჭრობს ფასიანი ქაღალდებით, ამიტომ მისი ფასი, ანუ მისი პორტფელის ფასი ყოველდღიურად იცვლება.