ყველაზე რთული ეკონომიკური კრიზისიდან მივიღეთ ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში შეაფასა და თქვა, რომ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თემაზე.
„შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი იყო გამოწვევებით აღსავსე და ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, საჭირო იყო პრემიერის მხრიდან მკაფიო პოზიციის მოსმენა. ვფიქრობ, რომ ანგარიში ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრ აქტუალურ საკითხზე ბატონმა ირაკლიმ გააკეთა კონკრეტული აქცენტები. ეს უკავშირდებოდა იმ პრობლემებს და იმ რთულ ვითარებას, რომელიც 2021 წლის დასაწყისში გვქონდა, თუ როგორ შეძლო მისი ხელმძღვანელობით მთავრობამ სიტუაციის შემობრუნება იმ კუთხით, რომ ჩვენ ყველაზე რთული ეკონომიკური კრიზისიდან მივიღეთ ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მიხედვით.
„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ შედეგებზე ეს არ არის მხოლოდ ერთი რიცხვით გამოხატული ეკონომიკური ზრდა, ეს შედგება მრავალი ელემენტისა და კომპონენტისგან, იმ რეფორმებისგან და თანმიმდევრული პოლიტიკისგან, რომელმაც მიგვიყვანა ლოგიკურ შედეგებამდე," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




























