საქართველოში ელექტროენერგიის მორიგი მასშტაბური გათიშვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ადასტურებენ, რომ დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით კვლავ ავარიულად გაითიშა და იუწყებიან, რომ "ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები".
"ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მორიგი ავარიული გათიშვის მიზეზებს ამჯერადაც ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ "პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას".




























