მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.

მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ დავითაშვილს მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის, ხოლო თავად დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ლევან დავითაშვილმა თავის სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა მათ შორის ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად გვემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ დროს, უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა და სტაბილური განვითარება. იმედი მაქვს, ახალ ფორმატში შევძლებთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული წარმატებებით წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც ჩემთვის პირადად არის დაუვიწყარი, როდესაც ემსახურები ქვეყანას და შეგიძლია მცირეოდენი წვლილი შეიტანო მის განვითარებაში.

მინდა წარმატებები ვუსურვო მარიამს. ეკონომიკის სამინისტროში ყველა გახარებული ვართ, რომ სამინისტროს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.

მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, უმაღლესი დონის პროფესიონალებს, პატრიოტ ადამიანებს.

ასევე, მოსახლეობას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის",- თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები