საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" მეორე ნომერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერის განცხადებას პასუხობს, რომელშიც დიპლომატმა კახა კალაძის განცხადებას "ავტოგოლი" უწოდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლურმანს „კუბილიუსი კაბაში“ უწოდა. ამ შეფასებით კახა კალაძე გამოეხმაურა გერმანელი მინისტრის განცხადებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს.
რუხში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ პრემიერი გერმანიის ელჩის შეფასებას ასე გამოეხმაურა: "მე მინდა გერმანიის ელჩს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს, კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“.