"ქართული ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების გაძვირების გადაწყვეტილება მთავრობამ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
"მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები
ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული იყო მათი თხოვნა და სწორედ, ეს იყო მოტივატორი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულიყო - ერთი მხრივ, შემაფერხებელი ყოფილიყო ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტისა და, მეორე მხრივ, ამ კუთხით შეზღუდვა გამოიწვევს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქმე ისაა, რომ მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა - რომელიც თებერვალში დააანონსა და 1-ელი აპრილიდან უკვე ძალაში უნდა შესულიყო - გადაიფიქრა.
როგორც დღეს მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი, აკრძალვის სანაცვლოდ, 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზრდება და, შესაბამისად, განბაჟება 6-ჯერ გაძვირდება.
კერძოდ, არსებული მდგომარეობით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი განბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, დღეს წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.
განბაჟება ₾9,000 - რა დაჯდება ყველაზე პოპულარული მოდელების განბაჟება თუკი ისინი 6 წელზე ძველია




























