ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, წელს ეკონომიკის აღდგენის მთავარი გამწევი ძალა ბიზნესი იქნება.
ამასთან, როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, მთავრობა 1 თვის განმავლობაში ბიზნესს პრივატიზების და წიაღისეულის მიმართულებით ახალ პროგრამებს წარუდგენს.
„2021 წელი არის მძიმე, ეს არის ჯერ კიდევ პანდემიის წელი, მაგრამ ასევე, ეს არის ეკონომიკის აღდგენის წელი, თუმცა კრიზისამდელ დონეს ის სრულად ვერ დაუბრუნდება. ყველა ბერკეტი უნდა ავამოქმედოთ იმისთვის, რომ კერძო სექტორი გამოცოცხლდეს, კერძო ბიზნესი გამოცოცხლდეს და ადგილობრივმა თუ უცხოელმა ინვესტორებმა ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.
საბიუჯეტო მხარდაჭერა, ანტიკრიზისული გეგმა, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები კვლავაც მნიშვნელოვანი ლოკომოტივი იქნება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტი გაჯერებულია სოციალური პროგრამებით და სოციალური ხარჯებით, აქცენტი მეტად გადავა კერძო სექტორის ინიციატივაზე. ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მთავარი გამწევი ძალა ბიზნესი გახდება და პრივატიზების დაჩქარება ამ გეგმაში ორგანულად ჯდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























