მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრის გადაყენება პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის - თურნავა

605063b9b7f27
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.21 12:07
854
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით გამართული აქციების ორგანიზატორების მოთხოვნებს პასუხობს.

„რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა“, - განაცხადა მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ნათია თურნავამ წუხილით აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების საპროტესტო აქციები უფრო რადიკალიზაციისკენ მიდის.

„ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა... თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს 4 მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა:

1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
3. გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები